სალომე ზურაბიშვილი: აფხაზებს და ოსებს მომავლის პერსპექტივა უნდა დავანახოთ
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, “აფხაზებსა და ოსებს მომავლის პერსპექტივა უნდა დავანახოთ, რომელიც საფრთხეს კი არ შეუქმნის მათ, არამედ გზას გაუხსნის ევროპისკენ ანუ – კეთილდღეობისკენ”.
ეს განცხადება პრეზიდენტმა დღეს პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის დროს გააკეთა.
მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით თბილისმა მნიშვნელოვანი სამშვიდობო ნაბიჯები გადავდგა, მაგრამ დროა “ამ ნაბიჯების მიღმა უნდა მოვემზადოთ უფრო საფუძვლიანი პოლიტიკის განხორციელებისთვის”, ამბობს ის:
„აფხაზებსა და ოსებს მომავლის პერსპექტივა უნდა დავანახოთ, რომელიც იქ ნამდვილად აღარ ჩანს – პერსპექტივა ერთიან სახელმწიფოში; პერსპექტივა, რომელიც საფრთხეს კი არ შეუქმნის მათ, არამედ გზას გაუხსნის ევროპისკენ, ანუ – კეთილდღეობისკენ. გზას საკუთარი ენისა და კულტურის გადარჩენისკენ, თვითმყოფადობის გამყარებისკენ. თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ახალი პერსპექტივის შექმნა და დეოკუპაცია ერთმანეთისგან ვერ გაიმიჯნება“.
პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას ისმენდნენ მმართველი გუნდის “ქართული ოცნების” დეპუტატები, ასევე მთავრობის წევრები, საპატრიარქოს წარმომადგენლები, თბილისის მერი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
პრეზიდენტის გამოსვლას არ ესწრებოდა არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი – კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან “ევროპული საქართველო” და “ნაციონალური მოძრაობა”. მოხსენებას არ უსმენდა არც “პატრიოტთა ალიანსი”.
მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატი კითხვა-პასუხს არ ითვალისწინებდა, პრეზიდენტის მოსმენაზე უარი თქვეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმაც.
ზურაბიშვილი 34 წუთის განმავლობაში მიმართავდა პარლამენტს. მისი გამოსვლის დროს პარლამენტის შენობის გარეთ სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავდნენ.
აქციაზე ჩართული იყო მუსიკა ცნობილი ფრანგული ფილმიდან “სათამაშო”. როგორც აქციის მონაწილეებმა თქვეს, “ეს მუსიკა არის ფილმიდან, სადაც ერთი პერსონაჟი ყიდულობს ყველას და ყველაფერს… ეს მუსიკა აქ იმის ნიშანია, რომ ქვეყანას მართავს დაქოქილი სათამაშო და არა დამოუკიდებელი პრეზიდენტი,” – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.