სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პრემიერის წინააღმდეგ - თანამდებობიდან გადადგა მინისტრი
სომხეთში სკანდალია.
პრემიერ-მინისტრი გამოვიდა განცხადებებით, რომლებიც უარყო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. საბოლოოდ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზოგრაბ მნაცაკანიანმა თანამდებობა დატოვა.
ყარაბაღში ომის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებების პროცესზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უკვე რამდენიმე დღეა ამტკიცებს, რომ „ჩვენ ამ ომის თავიდან აცილება შეგვეძლო, აზერბაიჯანისთვის 7 რაიონისა და შუშის გადაცემას რომ დავთანხმდებოდით“.
16 ნოემბერს, პარლამენტში გამოსვლისას, პრემიერმა კვლავ განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე 2018 წლიდან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი, როდესაც მან დაიკავა თანამდებობა, შეუქცევადად ტერიტორიების ჩაბარებისკენ მიდიოდა. ფაშინიანი ისევ საუბრობდა იმაზე, რომ ლაპარაკია არა მხოლოდ ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის მეზობელ რაიონებზე, არამედ ქალაქ შუშაზეც.
პარლამენტიდან მიმდინარე პირდაპირი ეთერის პარალელურად, სომხურმა მედიამ გამოაქვეყნა ამ განცხადების უარყოფა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, ანა ნაგდალიანის სიტყვებით. მან განაცხადა, რომ „მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესის არც ერთ ეტაპზე არ იდგა ქალაქ შუშაზე უარის თქმის საკითხი“.
ნიკოლ ფაშინიანს ეროვნული კრების დარბაზშივე შეატყობინეს ნაგდალიანის განცხადების თაობაზე.
მაშინ პრემიერმა დააზუსტა, რომ აზერბაიჯანული მხარე, როგორც მინიმუმ, იქ თავისი დევნილების დაბრუნებას მოითხოვდა.
„მინისტრის (საგარეო საქმეთა) გათავისუფლების გადაწყვეტილება მივიღე“, – დასძინა ფაშინიანმა.
ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოგრაბ მნაცაკანიანმა თანამდებობა დატოვა.
Facebook-ის საკუთარ გვერდზე, სამინისტროს პრესმდივანმა მნაცაკანიანის განცხადების სურათი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია:
„გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გადადგომა. მადლობას გიხდით ნდობისა და ერთობლივი მუშაობისათვის“.
ზოგრაბ მნაცაკანიანი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2018 წლის მაისიდან იკავებდა. ის ამ თანამდებობაზე პირადად პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ დანიშნა.