კრემლის კრიტიკოსი, რუსი ფოტოჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს
გაზიარება
გაზიარება
რუსი ფოტოჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს
კრემლის კრიტიკოსი რუსი ფოტოჟურნალისტი ვასილი კრესტიანინოვი საქართველოში არ შემოუშვეს.
ტელეკომპანია “ფორმულასთან” საუბრისას კრესტიანინოვი ამბობს, რომ შემთხვევა მის საქმიანობას უკავშირდება და საქართველოში შემოსვლაზე უარი მან მეორედ მიიღო.
“საქართველოში 11-თვიანი ცხოვრების დროს ვაორგანიზებდი და ვიღებდი მონაწილეობას აქციებში, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ იყო, თუმცა მე არ ვერეოდი არასდროს ქართულ პოლიტიკაში. როცა აქციებს ვაწყობდით, სამართალდამცველები მოდიოდნენ და დოკუმენტებს გვთხოვდნენ, ფოტოებს უღებდნენ, როგორც ჩანს ამ დროის განმავლობაში ნელ-ნელა ინფორმაციას აგროვებდნენ ჩვენზე, რაღაც მომენტში კი აღარ შემოგვიშვეს.” – განმარტა მან.
ბოლო თვეებში, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან კრემლის ბევრ კრიტიკოსს უთხრეს უარი საქართველოში შემოშვებაზე – მიზეზების ახსნის გარეშე.
20 ივლისს ქვეყანაში არ შემოუშვეს რუსი ბლოგერი ალექსეი რომანოვი, რომელმაც განაცხადა, რომ ის სომხეთის გავლით საქართველოში მოდიოდა, თუმცა სადახლოს გამშვებ პუნქტზე, მას ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს.
აღსანიშნავია, რომ 16 ივნისს საქართველომ არ შემოუშვა საზღვარზე ყაბარდო-ბალყარელი ბლოგერი, ინსა ლანდერი, რომლის წინააღმდეგ რუსეთში სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.
როდესაც ლანდერმა საზღვრის გადაკვეთა სცადა, ქართველმა მესაზღვრეებმა ის დააკავეს, კაბინეტში შეიყვანეს და ორი საათის განმავლობაში კითხავდნენ. საბოლოოდ მას მისცეს დოკუმენტი, სადაც ეწერა, რომ საზღვრის გადაკვეთაზე უარს ეუბნებოდნენ “სხვა მიზეზების გამო”.
რუსული ოპოზიციური ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტმა მიხაილ ფიშმანმა 5 მარტს, საქართველოში თავისი წარუმატებელი მოგზაურობის დეტალების შესახებ ისაუბრა. ის ქვეყანაში არ შემოუშვეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკან გააბრუნეს. საზღვარზე ფიშმანს უარის მიზეზები არ განუმარტეს.
31 იანვარს, საქართველოში არ შემოუშვეს რუსი ოპოზიციონერი დმიტრი გუდკოვი. მანამდე საქართველოში არ შემოუშვეს რუსი პოლიტიკოსი ლუბოვ სობოლი და ჟურნალისტი ილია აზარი, ასევე, უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრი გორდონი.
საქართველოს საზღვრიდან უკან გააბრუნეს რუსული დამოუკიდებელი აქტივისტური მედიაჯგუფის, “მედიაზონის” ჟურნალისტი დევიდ ფრენკელიც.
გარდა ამისა, ასევე მიზეზების ყოველგვარი ახსნის გარეშე საქართველოში არ შემოუშვეს რამდენიმე რუსული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, რომლებიც საჯარო საქმიანობას არ ეწევიან და მათი სახელები უცნობია ფართო საზოგადოებისთვის. ამასთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ აკეთებენ არც სამართალდამცავ სტრუქტურებში და არც საქართველოს მთავრობაში.