პუტინმა მაკრონს უთხრა, რომ ნავალნი სიმულანტი და შანტაჟისტია
საფრანგეთის პრეზიდენტმა არარეალური უწოდა ალექსეი ნავალნის მოწამვლის ვერსიას, რომელიც ვლადიმირ პუტინმა შესთავაზა: რომ წამყვან რუს ოპოზიციონერს, შესაძლოა, თვითონ მოეწამლა თავი „ნოვიჩოკით“.
ალექსეი ნავალნი ბერლინში 23 სექტემბერს, საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ (ფოტო ა. ნავალნის Facebook-ის გვერდიდან)
ავტორიტეტულმა ფრანგულმა გაზეთმა Le Monde გამოაქვეყნა რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის დეტალები.
ამ საუბრისას, ვლადიმირ პუტინმა ნავალნის უწოდა „ჩვეულებრივი ამრევი ინტერნეტიდან“, რომელიც თავის ანტიკორუფციულ გამოძიებებს ჩინოვნიკების შანტაჟისთვის იყენებდა.
პუტინის თქმით, ნავალნი ადრეც ახდენდა „ავადმყოფობის სიმულირებას“.
ასევე, პუტინი ამტკიცებდა, რომ ნავალნის შეეძლო თვითონ მეწამლა თავი „ნოვიჩოკით“, რადგან ამ ნივთიერების დამზადება არც ისე ძნელია, როგორც ჩანს“.
• აქ აწარმოებდნენ „ნოვიჩოკს“, რომლითაც ბრიტანეთში ყოფილი რუსი მზვერავის მოწამვლა სცადეს
რუსეთის პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული კიდევ ერთი ვერსიით, დანაშაულის კვალი, შეიძლება, ლატვიისკენ მიდიოდეს, სადაც „ნოვიჩოკის“ ერთ-ერთი შემქმნელი ცხოვრობს.
ემანუელ მაკრონმა უარყო პუტინის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ნავალნის შეეძლო თავი მოეწამლა და ასევე, „ლატვიური კვალის“ შესახებ, როგორც არარეალური.
რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ეს საუბარი აღწერილია ერთი წინადადებით: „ა. ნავალნის საქმეზე მოსაზრებების დეტალური გაცვლა მოხდა“.
ვლადიმირ პუტინს უფრო დეტალურად თვითონ ალექსეი ნავალნიმ უპასუხა. მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა:
„ვლადიმირ პუტინმა ფრანგ კოლეგას აცნობა:
„ნავალნის შეეძლო თვითონ გადაეყლაპა ეს საწამლავი“.
კარგი ვერსიაა. მიმაჩნია, რომ იმსახურებს დეტალურად შესწავლას. სამზარეულოში „ნოვიჩიკი“ მოვხარშე, ფრთხილად მოვსვი თვითმფრინავში ბოთლიდან. ჩავვარდი კომაში.
მანამდე ცოლს, მეგობრებსა და კოლეგებს შევუთანხმდი, რომ თუკი ჯანდაცვის სამინისტრო დაჟინებით მოითხოვდა სამკურნალოდ გერმანიაში ჩემ გადაყვანას, მათ არავითარ შემთხვევაში არ მიეცათ ამის გაკეთების შესაძლებლობა.
მოვმკვდარიყავი ომსკის საავადმყოფოში და აღმოვჩენილიყავი ომსკის მორგში, სადაც დაადგენდნენ სიკვდილის მიზეზს – „საკმარისად იცოცხლა“ – აი, ჩემი ეშმაკური გეგმის საბოლოო მიზანი.
მაგრამ პუტინმა მაჯობა. მას ასე ადვილად ვერ მოატყუებ. შედეგად, მე, როგორც სულელმა, კომაში გავატარე 18 დღე, მაგრამ ჩემ მიზანს ვერ მივაღწიე. პროვოკაცია არ შედგა!“.
23 სექტემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ნოვიჩოკს“ არც რუსეთში და არც საბჭოთა კავშირში, არასოდეს არ აწარმოებდნენ.