გერმანული კლინიკა ალექსეი ნავალნის მოწამვლას ადასტურებს
კლინიკური კვლევების შედეგები ადასტურებს, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მოწამლულია. ამის შესახებ რუსულ “ნოვაია გაზეტას” გერმანიის კლინიკა Charite-ში აცნობეს, სადაც რუსი ოპოზიციონერი წინა დღეს რუსეთიდან გადმოიყვანეს.
”ნავალნი ჯერ კიდევ ხელოვნურ კომაშია, მაგრამ ამ დროისთვის მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე არ ემუქრება. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ მოხდა ქოლინესტერაზას ინჰიბიტორებით ინტოქსიკაცია, ამჟამად კონკრეტული ნივთიერება უცნობია”, – განაცხადეს კლინიკაში და აღნიშნეს, რომ ეს შხამი ორგანიზმზე ძლიერად მოქმედებს, რასაც დამოუკიდებელი კვლევები ადასტურებს.
• როგორ შექმნა მთავარმა რუსმა ოპოზიციონერმა მედია-იმპერია სოციალურ ქსელებში
• რას ფიქრობს რუსეთის პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატი კავკასიაზე
• რას უნდა ველოდეთ რუსეთის პრეზიდენტ ნავალნისგან?
ექიმების თქმით, ახლა ნავალნი ატროპინით მკურნალობს, მაგრამ რა შედეგი მოჰყვება ამ დაავადებას, ჯერჯერობით უცნობია, რადგან მოწამლვამ შეიძლება გავლენა იქონიოს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე.

ქოლინესტერაზას ინჰიბიტორები გამოიყენება ალცჰეიმერის დაავადების და დემენციის სამკურნალოდ, ასევე გვხვდება ზოგიერთ ბუნებრივ შხამში (მაგალითად, ზოგიერთი გველის შხამი).
ეს ნივთიერებები მძლავრი ნეიროტოქსინებია და გვხვდება ქიმიური იარაღის რამდენიმე სახეობაში, როგორებიცაა ზარინი და აგენტ VX (ამ უკანასკნელის გამოყენებით მოკლეს 2017 წელს ჩრდილო კორეის ლიდერის ძმა).
აგენტი “ნოვიჩოკი”, რომლითაც ბრიტანეთში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცერი სერგეი სკრიპალი მოწამლეს, ასევე აცეტილქოლინესთერაზას ინჰიბიტორთა ჯგუფს მიეკუთვნება.
20 აგვისტოს დილით, ალექსეი ნავალნი მძიმე მოწამლვის სიმპტომებით, აეროპორტიდან ქალაქ ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსმა ექიმებმა განაცხადეს, რომ პოლიტიკოსის სისხლში რაიმე საწამლავის კვალი ვერ აღმოაჩინეს, მაგრამ დიაგნოზის დასმა არ შეეძლოთ.
პოლიტიკოსის ახლობლებმა და მეგობრებმა მის გერმანიაში გადაყვანას მიაღწიეს, სადაც ახლა მას ექიმები აკვირდებიან.