რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სავარაუდოდ მოწამლეს. ის რეანიმაციაშია
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ქალაქ ომსკის საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში უგონო მდგომარეობაშია. იგი, სავარაუდოდ, მოწამლულია.
ნავალნი თვითმფრინავით ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, როდესაც მოულოდნელად თავი შეუძლოდ იგრძნო. თვითმფრინავი სასწრაფოდ ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი კლინიკაში გადაიყვანეს.
”ეჭვი გვაქვს, რომ ალექსეი მოწამლეს, ჩაიში რაღაც გაურიეს. დილიდან მან მხოლოდ ჩაი დალია”- დაწერა Twitter- ზე კირა იარმიშმა.
სოცქსელებში თვითმფრინავში გადაღებული ვიდეო ვრცელდება, რომელშიც ისმის, როგორ ყვირის ნავალნი ტკივილისგან, სანამ გონებას დაკარგავს.
სოციალური მედიით კიდევ ერთი ვიდეო ვრცელდება, რომელშიც პოლიტიკოსი აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაჰყავთ.
• როგორ შექმნა მთავარმა რუსმა ოპოზიციონერმა მედია-იმპერია სოციალურ ქსელებში
• რას ფიქრობს რუსეთის პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატი კავკასიაზე
• რას უნდა ველოდეთ რუსეთის პრეზიდენტ ნავალნისგან?
ნავალნი მძიმე მდგომარეობაშია, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული, უთხრა ჟურნალისტებს საავადმყოფოს წარმომადგენელმა ანატოლი კალინიჩენკომ. თუმცა, მისი თქმით, “არ ვართ იმაში დარწმუნებული, რომ მისი მდგომარეობის მიზეზი მოწამვლაა“.
Выступление представителя больницы pic.twitter.com/s9vfS0cSDq
— Кира Ярмыш (@Kira_Yarmysh) August 20, 2020
საავადმყოფოში პოლიციელები და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლები მივიდნენ.
ვინ არის ნავალნი
44 წლის ალექსეი ნავალნი, პოლიტიკოსი და ანტიკორუფციული აქტივისტი, დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ყველაზე მწვავე კრიტიკოსია.
ის “კორუფციასთან ბრძოლის ფონდის” დამფუძნებელია, რომელიც იძიებს კორუფციის ფაქტებს რუსეთის მთავრობაში.
გასულ წელს მისი ანტიკორუფციული ფონდი ოფიციალურად “უცხოელ აგენტად” გამოცხადდა, რამაც საშუალება მისცა ხელისუფლებას, ის დამატებით შეამოწმოს.

ნავალნი არაერთხელ იყო დაკავებული არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობისთვის.
2013 წელს იყო პირობითად მსჯავრდებული სახელმწიფო ქონების გაფლანგვის ფაქტზე. თავად ნავალნი განაჩენს პოლიტიკურს უწოდებდა.
ნასამართლეობის გამო, მას უარი ეთქვა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე.
2019 წლის ივლისში, როდესაც ნავალნი პატიმრობაში იმყოფებოდა, იგი მწვავე ალერგიული რეაქციის დიაგნოზით მოსკოვის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა მაშინ ალერგიის გამომწვევის დადგენა ვერ შეძლეს.
პუტინის მოწამლული ოპონენტები. ქრონიკა
ვლადიმირ პუტინის კრიტიკოსთა სია, რომლებიც მოულოდნელი მოწამვლის მსხვერპლი გახდნენ ალექსეი ნავალნის მსგავსი სიმპტომებით, საკმაოდ გრძელია:
– რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ეგორ გაიდარი;
– ჟურნალისტი იური შჩეკოჩიხინი (გარდაიცვალა);
– ჟურნალისტი ანა პოლტიკოვსკაია (მოგვიანებით მოკლეს);
– ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმირ კარა-მურზა უმცროსი (ორჯერ მოწამლეს);
– ყოფილი მზვერავი ალექსანდრ ლიტვინენკო, რომელიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა (გარდაიცვალა);
– ყოფილი მზვერავი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდნენ (ექიმებმა ისინი გადაარჩინეს, მაგრამ შემთხვევითი ადამიანი, რომელმაც შხამიანი ნივთიერების ბოთლს ხელი მოკიდა, გარდაიცვალა).