რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის ახალი სასჯელი - 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
სასჯელი ალექსეი ნავალნის
რუსული ოპოზიციის ლიდერს, ალექსეი ნავალნის, რომელიც უკვე იხდის სასჯელს, სასამართლომ ახალი ვადა დაუმატა – 9 წლიანი პატიმრობა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.
როგორც გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ წერს, მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ განაჩენი გასვლით სხდომაზე გამოაცხადა. სასამართლო პროცესი იმ კოლონიაში გაიმართა, სადაც ნავალნი სასჯელს იხდის.
ახალი ვადის გარდა, სასამართლომ ნავალნის ჯარიმაც დააკისრა – 1,2 მილიონი რუბლი (დაახლოებით 11,5 ათასი დოლარი).
სასამართლო პროცესზე პროკურორი ნავალნისთვის ითხოვდა 13 წლიან პატიმრობას, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, ორი წლით თავისუფლების შეზღუდვით და 1,2 მილიონი რუბლის ოდენობით ჯარიმას. დაცვის მხარე, იმ მოტივით, რომ ნავალნის ქმედებები არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მის გამართლებას მოითხოვდა.
ნავალნი დამნაშავედ ცნეს თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობის საქმეში. თაღლითობის საქმე ნავალნის 2018 წლის საარჩევნო კამპანიასა და ანტიკორუფციული ფონდის საქმიანობას ეხება. ამ ფონდს ნავალნი ხელმძღვანელობდა. მას შემოწირულობების მოპარვაში დასდეს ბრალი.
სასამართლოს უპატივცემულობის ეპიზოდი ნავალნის მხრიდან მოსამართლის, პროკურორისა და დიდი სამამულო ომის ვეტერანის იგნატ არტემენკოს შვილიშვილის შეურაცხყოფას უკავშირდება. საუბარია 2021 წელს, არტემენკოს წინააღმდეგ ცილისწამების სასამართლო პროცესზე.
2021 წელს ნავალნის წინააღმდეგ კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო – “ექსტრემისტული თემისა და მოქალაქეების უფლებების დამრღვევი ორგანიზაციის შექმნის” საქმეებზე. ყველა ორგანიზაცია, რომელსაც ნავალნი ხელმძღვანელობდა, „ექსტრემისტულად“ გამოცხადდა და აიკრძალა.
რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა „ნოვიჩოკით“ მოწამვლას, 2021 წლის 17 იანვარს, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებისას, აეროპორტში დააკავეს . გერმანიაში ნავალნი მკურნალობის კურსს გადიოდა.
მოგვიანებით სასამართლომ მას ორი წლითა და რვა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე – თაღლითობისა და გაფლანგვის ბრალდებით შეფარდებული პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალა.