რუსეთის სასამართლომ ნავალნის ორგანიზაცია კანონგარეშედ გამოაცხადა
რუსეთში, სასამართლომ ნავალნის ორგანიზაცია აკრძალა
რუსეთში, სასამართლომ ექსტრემისტულად გამოაცხადა რუსული ოპოზიციის ლიდერთან, ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული ორგანიზაციები. მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის ფონდი, რომელიც პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის კორუფციის შესახებ აქვეყნებდა გამოძიებებს. ეს მათ კანონგარეშედ გამოცხადებას ნიშნავს – ფაქტობრივად, ხელისუფლებამ ამ ორგანიზაციების საქმიანობა ტერორიზმს გაუთანაბრა.
როგორც რუსული „ნოვაია გაზეტა“ იტყობინება, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ კორუფციასთან ბრძოლის ფონდი, მოქალაქეთა უფლებათა დაცვის ფონდი და „ნავალნის შტაბი“ ექსტრემისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა და მიიღო გადაწყვეტილება მათი საქმიანობის დაუყოვნებლივი ლიკვიდაციისა და შეწყვეტის შესახებ.
სასამართლომ გადაწყვეტილება 9 ივნისს, გვიან ღამით მიიღო. სასამართლოში პროცესი დახურული იყო და 12 საათს გრძელდებოდა.
სასამართლოს ნავალნის ორგანიზაციების ექსტრემისტულად გამოცხადების მოთხოვნით მოსკოვის პროკურატურამ 16 აპრილს მიმართა, „მათ მიერ ფაქტობრივად ექსტრემისტული საქმიანობის განხორციელების გამო, კონსტიტუციური წყობის ცვლილებებისთვის პირობების შესაქმნელად“, მათ შორის, „ფერადი რევოლუციების“ სცენარის გამოყენებით.
ამიერიდან, ამ ორგანიზაციების საქმიანობის გაგრძელების მცდელობა, სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება და საპატიმრო სასჯელით დაისჯება.
ცოტა ხნის წინ, რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომელიც არჩევნებში ისეთი ადამიანების მონაწილეობას კრძალავს, რომლებიც „ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან“ არიან კავშირში და თუნდაც, მხარს უჭერენ მათ.
სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა ალექსეი ნავალნიმ, რომელიც პატიმრობაში იმყოფება.
„ჩვენ არ ვართ არც სახელწოდება, არც ქაღალდი და არც ოფისი. ჩვენ ვართ – ადამიანების ჯგუფი, რომელიც აერთიანებს და აორგანიზებს რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც კორუფციის მოწინააღმდეგეები არიან, მხარს უჭერენ სამართლიან სასამართლოებს და კანონის წინაშე ყველას თანაბარუფლებიანობას. ასეთები – მილიონებია. თქვენ – ასეთები ხართ. სანამ თქვენ ხართ, ჩვენც არსად წავალთ“, – ნათქვამია პოლიტიკოსის ინსტაგრამის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ნავალნის მხარდამჭერმა, ლეონიდ ვოლკოვმა ჯერ კიდევ 29 აპრილს ოფიციალურად გამოაცხადა ნავალნის შტაბების ქსელის დახურვის შესახებ. მისი თქმით, შტაბების მუშაობაში მონაწილეობა თანამშრომლებისა და მოხალისეებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება.
ნავალნის მხარდამჭერების დევნა რუსეთის ხელისუფლებამ მას შემდეგ დაიწყო, რაც ნავალნი, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა საბრძოლო ქიმიური საშუალება „ნოვიჩოკით“ მოწამვლას, 17 იანვარს, პირდაპირ აეროპორტში დააპატიმრეს რუსეთში გერმანიიდან დაბრუნებისთანავე, სადაც ის მკურნალობას გადიოდა.
მოგვიანებით სასამართლომ მას ორი წლითა და რვა თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, შეუცვალა რა ერთ-ერთ საქმეზე პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით.