"დაფინანსების შეწყვეტა აშშ-ს მტრებისთვის საჩუქარი იქნება" - რადიო თავისუფლებას და ამერიკის ხმას დაფინანსება უწყდება
რადიო თავისუფლება და ამერიკის ხმა
რადიო თავისუფლების თანახმად, აშშ-ს გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) შეატყობინა, რომ აშშ-მ გამოცემას ფედერალური გრანტის შეთანხმება შეუწყვიტა. ამასთან, 16 მარტს თეთრმა სახლმა ამერიკის ხმის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა. განცხადების თანახმად, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განცხადებას “რომელიც უზრუნველყოფს, რომ გადამხდელთა ფული აღარ დაიხარჯოს რადიკალური პროპაგანდის დაფინანსებაში”.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) პრეზიდენტის, სტივენ კაპუსის თქმით, ამ ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტა იქნება “დიდი საჩუქარი ამერიკის მტრებისთვის”.
“ირანელი აიათოლები, ჩინელი კომუნისტი ლიდერები და ავტოკრატები მოსკოვსა და მინსკში იზეიმებდნენ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების დაცემას, 75 წელიწადის შემდეგ. ჩვენი მტრებისთვის გამარჯვების გადაცემა მათ გააძლიერებს და ამერიკას დაასუსტებს.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მდიდარი ისტორიის განმავლობაში ჩვენ ორპარტიული მხარდაჭერით ვსარგებლობდით. დახურულ საზოგადოებებში მცხოვრებ 50 მილიონამდე ადამიანს, ვინც ყოველკვირეულად გვეყრდნობა ზუსტი ამბებისა და ინფორმაციის მისაღებად, უჩვენოდ აღარ ექნება წვდომა სიმართლეზე ამერიკისა და მსოფლიოს შესახებ” – დასძენს სტივენ კაპუსი.
მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ფედერალური სააგენტოს ისეთი ფუნქციების შეწყვეტა დაევალება, რომელთა შესრულებაც წესდებით დადგენილი არ არის.
სააგენტოებისა და დეპარტამენტების ჩამონათვალი, რომლებსაც ტრამპის გადაწყვეტილება შეეხება, ასე გამოიყურება:
- მედიაციისა და შერიგების ფედერალური სერვისი;
- აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის;
- ვუდროუ უილსონის სახელობის აკადემიკოსთა საერთაშორისო ცენტრი;
- სამუზეუმო და საბიბლიოთეკო სამსახურების ინსტიტუტი;
- აშშ-ს უწყებათაშორისი საბჭო უსახლკარობის შესახებ;
- თემის განვითარების საფინანსო ინსტიტუტების ფონდი;
- უმცირესობათა ბიზნესების განვითარების სააგენტო.
ცნობისთვის, აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის (U.S. Agency for Global Media) ზედამხედველობს აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებულ ისეთ გამოცემებს, როგორებიცაა ამერიკის ხმა (Voice of America), რადიო თავისუფლება (Radio Free Europe/Radio Liberty და Radio Free Asia).
ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს 10 მარტის განცხადებით, გაუქმდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამების 83%.
“5200 კონტრაქტი, რომლებიც ახლა გაუქმებულია, ათობით მილიარდ დოლარს ხარჯავდა ისე, რომ ვერ ემსახურებოდა (და ზოგიერთ შემთხვევაში ზიანსაც კი აყენებდა) შეერთებული შტატების ძირითად ეროვნულ ინტერესებს.
კონგრესთან კონსულტაციის შედეგად, ჩვენ ვგეგმავთ, რომ პროგრამის დარჩენილი 18% (დაახლოებით 1000), რომელიც ინარჩუნებს დაფინანსებას, უფრო ეფექტურად განხორციელდეს სახელმწიფო დეპარტამენტის მართვის ქვეშ.
დიდი მადლობა DOGE-სა და ჩვენს დაუღალავ თანამშრომლებს, რომლებმაც მრავალი საათი იმუშავეს ამ დაგვიანებული და ისტორიული რეფორმის განსახორციელებლად”. – განაცხადა რუბიომ.