ქალს, რომელსაც ყოფილი შეყვარებული დაესხა თავს, სხეულის 37% აქვს დამწვარი
ახალგაზრდა ქალს, რომელსაც მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყოფილი შეყვარებული დაესხა თავს და მისი მოკვლა სცადა, სხეულის 37% აქვს დამწვარი. ის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.
“ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია. ის კლინიკაში გამთენიისას შემოიყვანეს. აქვს სხეულის 37%-ის თერმული დამწვრობა – მეორე და მესამე ხარისხის. დამწვრობითი შოკიდან გამოსული არ არის ჯერ და დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაშია მოთავსებული,” – ამბობს დამწვრობის ცენტრის დირექტორი, გუგა ქაშიბაძე.
ქაშიბაძის თქმით, ახალგაზრდა ქალს ფეხები და ხელები აქვს დამწვარი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1996 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით უკვე დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ შ.გ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, 1996 წელს დაბადებულ ს.შ.-ს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ს.შ. მიღებული სხეულის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ბენზინის ბოთლი ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს”, – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.