საოკუპაციო ძალებმა კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. უკანონო პატიმრობაში ამჟამად 7 ქართველია
ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის თქმით, 16 იანვარს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა კიდევ ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. უკანონო პატიმრობაში ამ დროისთვის საქართველოს შვიდი მოქალაქე იმყოფება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ ანთაძემ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის დაწყების წინ ისაუბრა.
ანთაძე ამბობს, რომ გასულ წელს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო ბორდერიზაციის 70-მდე ფაქტი გამოვლინდა.
“ჩვენი პოზიცია არის, რომ მოიხსნას ყოველგვარი ხელოვნური შეზღუდვა ან გახანგრძლივდეს გადასასვლელების ფუნქციონირების დრო. რაც შეეხება დაკავებულებს, გუშინ ღამით ევროკავშირის ცხელი ხაზით გაზიარდა ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების შესახებ. მოგვეწოდა მხოლოდ სახელი და გვარი, ვაზუსტებთ ინფორმაციას. ამ დროისთვის ჩვენი შვიდი თანამოქალაქე იმყოფება უკანონო პატიმრობაში და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მათ უპირობო გათავისუფლებას”. – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
● ცხოვრება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის სოფლებში. Crisis Group-ის ფოტო რეპორტაჟი
● ჰააგის სასამართლომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიება დაასრულა. რას ნიშნავს ეს? შეფასებები
● ევროკავშირი არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ პასპორტებს
კონფლიქტის ზონიდან ხშირია ცნობები იმის შესახებ, რომ რუსმა სამხედროებმა “სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის” ბრალდებით დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ან საქონელს აძოვებდა საკუთარ სოფელში, ან ჯონჯოლს აგროვებდა ახლომდებარე ტყეში. იყო რამდენიმე ფაქტი, როდესაც საქართველოს მოქალაქეს ნარკოდანაშაულსაც ედავებოდნენ.
როგორც წესი, “სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის” ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეებს ჯარიმის გადახდას აკისრებენ და მალევე ათავისუფლებენ.
ე.წ. “სახელმწიფო საზღვართან” გადაადგილებას მკაცრად აკონტროლებენ რუსი სამხედროები. ისინი აკავებენ ადამიანებს მათ შორის, იმ ადგილებშიც, სადაც ჯერ არ არის გავლებული მავთულხლართი და არც “საზღვრის” აღმნიშვნელი აბრაა.
რუსი სამხედროების გარდა, 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ კონფლიქტის ზონაში იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რომლებიც თბილისის მიერ კონტროლირებად მხარეს პატრულირებენ.