ნავალნი ციხეში ცუდად გახდა, ამტკიცებენ თანამებრძოლები. მასთან არავის უშვებენ
ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა. ამის შესახებ რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ადვოკატებმა განაცხადეს. ხელისუფლება ამბობს, რომ ციხეში მყოფი პოლიტიკოსის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ადვოკატები მის ნახვას ჯერ ვერ ახერხებენ.
რუსეთის ქალაქ პოკროვში მდებარე კოლონიის ექიმებმა, სადაც ალექსეი ნავალნი იმყოფება, პოლიტიკოსის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებლად შეაფასეს.
- ნავალნის დაკავების გამო ევროკავშირმა და აშშ-მ რუსეთის ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესა
- ფარნები, სიყვარული და ნავალნი. მორიგი აქცია რუსეთში
- რატომ აშინებს პუტინს ნავალნი?
რუსული “ნოვაია გაზეტას” ცნობით, პენიტენციური ადმინისტრაციის პრესსამსახური აცხადებს, რომ მსჯავრდებულმა ნავალნიმ სამედიცინო გამოკვლევა გაიარა და “მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად და დამაკმაყოფილებლად არის შეფასებული”.
2 თებერვალს რუსეთის სასამართლომ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ნავალნის პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალა და ორი წლის და რვა თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში Twitter- ზე წერს, რომ ციხის ადმინისტრაციის განცხადებებს არ ენდობა:
”მაინც რა ცრუ არსებები არიან. გუშინ ადვოკატებს ნავალნის ნახვის უფლება არ მისცეს და თქვეს, რომ ”სარეჟიმო ღონისძიებები აქვთ”. ახლა ვხვდებით, რომ ის საავადმყოფოშია. დღეს ისინი ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა “სტაბილური და დამაკმაყოფილებელია” – და მართლაც გვეშინია იმის, თუ რას ნიშნავს ეს.”
ნავალნის თანამებრძოლი გიორგი ალბუროვი იხსენებს, რომ ნავალნი ცუდად გახდა ციხეში 2019 წელს, ერთ-ერთი წინა დაკავების დროს და მაშინაც ადმინისტრაცია ცრუობდა მისი ჯანმრთელობის “დამაკმაყოფილებელი” მდგომარეობის შესახებ.
24 მარტს პოლიტიკოსის ადვოკატებმა ოლგა მიხაილოვამ და ვადიმ კობზევმა განაცხადეს, რომ ნავალნი ზურგის მწვავე ტკივილს უჩიოდა.
”გადმოგვცა, რომ ფეხი არ ემორჩილებოდა, ნაბიჯის გადადგმა უჭირდა, მას კი მხოლოდ ორი ტაბლეტი იბუპროფენი მისცეს,” – განაცხადეს ნავალნის დამცველებმა.
ამავე დროს, კოლონიის ადმინისტრაციამ მათ კლიენტის ნახვაზე უარი უთხრა.
ნავალნის რეგიონალური შტაბის უფროსმა ლეონიდ ვოლკოვმა განაცხადა, რომ ადვოკატებს ნავალნის ნახვის უფლება იმის გამო არ მისცეს, რომ ის ციხის საავადმყოფოშია.
იურისტები დღეს ვლადიმირის ოლქში ჩავიდნენ და ნავალნისთან შეხვედრას ცდილობენ.
საიტი free.navalny.com პოლიტიკოსის განთავისუფლების მოთხოვნით მომავალი მასშტაბური მიტინგის მონაწილეთა შეკრებას აგრძელებს. უკვე დარეგისტრირდა 220 ათასზე მეტი ადამიანი, მიზანი კი ნახევარი მილიონი მონაწილის შეკრებაა.
ამასობაში, ცნობილი გახდა, რომ კანადამ სანქციები დააწესა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა და რვა სხვა რუსი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ ნავალნის მოწამვლის გამო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პასუხს “სარკისებურად” გასცემს.