ირაკლი კობახიძე: დეპოლარიზაციის მთავარი გასაღები ნაციონალური მოძრაობის დასუსტებაა
გაზიარება
გაზიარება
ნაციონალური მოძრაობის დასუსტებაა
მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დეპოლარიზაციის მთავარი გასაღები ნაციონალური მოძრაობის დასუსტებაა. მისივე თქმით, ოპოზიცია როდესაც მოქმედებს რადიკალური დღის წესრიგით, რადიკალური ფორმით თუ მეთოდით, “ასეთ დროს შენც გიწევს პასუხის გაცემა” და იმისათვის რომ მოხდეს დეპოლარიზაცია, საჭიროა ორივე მხარის მზაობა.
კობახიძის განმარტებით, დეპოლარიზაციისთვის მზაობა ოპოზიციის მხრიდან რომ არ არის, ეს უკვე გუშინ გამოჩნდა, სადაც “ეთიკის ზღვარს გაცდენილი” ტერმინოლოგიაა გამოყენებული მათი მხრიდან.
“ნუ, რა თქმა უნდა, ასეთ დროს ჩვენ ოპტიმიზმის საშუალება არ გვექნება, რომ ეს რადიკალური ოპოზიცია რაღაცნაირად შეცვლის თავის რადიკალურ დღის წესრიგს.
“სინამდვილეში მთავარი გასაღები დეპოლარიზაციის კუთხით მდგომარეობს ნაციონალური მოძრაობის დასუსტებაში. დღეს ხედავთ, რომ ისინი, მაგალითად, გვპირდებოდნენ ცხელ შემოდგომას. მიილია შემოდგომა და მაინცდამაინც სითბოც არ ჩანდა პოლიტიკური კუთხით ამ შემოდგომაზე. რაც უფრო სუსტია ნაციონალური მოძრაობა, მით უფრო მეტი სიმშვიდეა, თუ დააკვირდებით – რომ გავყვეთ ქრონოლოგიურად.” – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
8 ნოემბერს ევროპარლამენტარებმა ბრიუსელში, საგარეო კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დანერგვის ყოველწლიური ანგარიში განიხილეს. მიღებული კომპრომისული დოკუმენტის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ნახსენები როგორც ოლიგარქი, თუმცა დეოლიგარქიზაციის პუნქტის თავშივე მოცემულია მისი სახელი და გვარი და წერია, რომ აუცილებელია ივანიშვილის ჭარბ გავლენებთან დაკავშირებით მიღებული იყოს, მათ შორის, საკანონმდებლო გადაწყვეტილებები.
გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია მედიის შევიწროებაზე, პოლიტიკურ დევნაზე, სახალხო დამცველის არჩევის წესზე და ასევე, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, “ჰუმანიტარული მიზნებით და პოლარიზაციის შესამცირებლად”, გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
2022 წლის 13 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწერილი 12 პუნქტის შესრულების შესახებ შეფასებას 2022 წლის ნაცვლად, 2023 წლისთვის მოამზადებს. ამის შესახებ ევროპარლამენტში გამოსვლისას ევროკომისიის წარმომადგენელმა, მაიკლ რუპმა ისაუბრა.
ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე 17 ივნისს დასკვნა მოამზადა. შედეგად, უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს და დაეკისრებათ გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ხოლო საქართველოს ჯერ 12 პუნქტიანი გეგმის და პირობების შესრულება დაევალება, შემდეგ კი კანდიდატობის სტატუსის მიღების შანსი ექნება.
გაწერილ 12 პუნქტში ერთ-ერთი მთავარი სწორედ პოლარიზაციის შემცირებაა.