"მთიან ყარაბაღში შეიძლება აფხაზეთის მსგავსად რუსული პასპორტები დაარიგონ". კომენტარი ბაქოდან
ყარაბაღის იმ ნაწილში, სადაც რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტია განლაგებული, ხელისუფლება მთლიანად მოსკოვს ექვემდებარება, – მიიჩნევს აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი იგბალ აგაზადე.
მისი თქმით, “თუ არაფერი შეიცვლება, ამ რეგიონში რუსეთი საკუთარ პასპორტებს დაარიგებს და ყველაფერი იმ სცენარით დასრულდება, რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითიდან ვიცით,”- ამბობს აგაზადე.
მხოლოდ უკრაინის ომის შედეგს შეუძლია შეცვალოს ძალთა ბალანსი რეგიონში, დარწმუნებულია აზერბაიჯანული იმედის პარტიის ლიდერი.
„დააკვირდით, ბოლო დროს არც აზერბაიჯანი და არც სომხეთი არ აყენებენ მოლაპარაკებებზე ყარაბაღის იმ ნაწილის საკითხს, რომელიც რუსული ჯარების მიერ კონტროლდება. აქ მომავალი გაურკვეველია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთმა ორივე ქვეყანა ჩამოაშორა ამ პაწაწინა რეგიონის საკითხების გადაწყვეტას.
რუსეთმა აზერბაიჯანსა და სომხეთს მიანდო სასაზღვრო საკითხების გადაწყვეტა – დელიმიტაცია, დემარკაცია და ა.შ. ხოლო უშუალოდ მთიან ყარაბაღზე არავინ საუბრობს. ეს ძალიან საშიში ტენდენციაა“, – აღნიშნავს აგაზადე.
“ჯერჯერობით ყველაფერი კრემლის სცენარის მიხედვით მიდის” – ამბობს ის.
მისი თქმით, ჩვენ ვნახეთ როგორ გადაწყდა მსგავსი საკითხები დნესტრისპირეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
„რა სურს კრემლს? მას არ უნდა, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიანი ყარაბაღის მიმართ პრეტენზია გამოთქვან,” – მიიჩნევს პოლიტიკოსი.
მოდით, ვაღიაროთ: დღეს აზერბაიჯანი ფაქტობრივად ვერ ახორციელებს თავის სუვერენულ უფლებებს ხანკენდიში (სტეფანაკერტი), აგდერეში (მარდაკერტი), ასკერანში, ხოჯავენდში (მარტუნი) და ხოჯალიში. თუმცა კი, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ყველა აღიარებს, რომ ეს აზერბაიჯანის ტერიტორიებია.
აგაზადეს თქმით, სომხეთი ასევე შორს არის ყარაბაღის ამ ქალაქებსა და რეგიონებში პროცესების რეგულირებისგან.
იგი მიიჩნევს, რომ არც აზერბაიჯანი და არც სომხეთი ამ საკითხში გულწრფელობას არ იჩენენ. როგორც ჩანს, ორივე მხარე ცდილობს ამ საკითხის დამარხვას რაც შეიძლება ღრმად. თითქოს ასეთი კითხვა არ არსებობს და არ არის აქტუალური, ამბობს აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი.
“თუ ყველაფერი ამ სულისკვეთებით გაგრძელდება, საკითხი რუსეთის სასარგებლოდ გადაწყდება. კერძოდ, დაიწყებენ რუსული პასპორტების გაცემას, გამართავენ ერთგვარ რეფერენდუმს ადგილობრივი მოსახლეობის რუსეთის მმართველობის ქვეშ ცხოვრების სურვილზე. ჯერჯერობით ყველაფერი ამისკენ მიდის, კრემლის სცენარის მიხედვით“.
აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ამ პრობლემის საერთაშორისო სამართლის ფარგლებში გადაწყვეტა შესაძლოა უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად მოხდეს.
“პირადად ჩემთვის ნათელია, რომ რუსეთში ხელისუფლება მალე შეიცვლება. პუტინი ვერ დარჩება ხელისუფლებაში და ამ ქვეყანაში ლიბერალიზაციის პროცესი დაიწყება.
მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი სამხრეთ კავკასიაში საუბარი რეგიონის ქვეყნებს შორის მშვიდობისა და თანამშრომლობის რეალურ პერსპექტივაზე“, – დასძინა იგბალ აგაზადემ Reaksiya TV YouTube არხთან ინტერვიუში.