"გამოთქვამდა ანტირუსულ პოზიციებსა და შეხედულებებს" - დონეცკის ე.წ. სასამართლომ ქართული ლეგიონის მეთაურს 23 წელი დაუსწრებლად მიუსაჯა
გაზიარება
გაზიარება
მამუკა მამულაშვილს 23 წელი დაუსწრებლად მიუსაჯეს
ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაურს, მამუკა მამულაშვილს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. ჯგუფის წევრებს, ვანო ნადირაძეს, ნოდარ პეტრიაშვილსა და გიორგი რუსიტაშვილს კი “შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მეომრის მონაწილეობის” მუხლით 14 წელი მიუსაჯეს.
ქართული ლეგიონი არის უკრაინული სამხედრო ქვედანაყოფი, რომელიც ქართველი მოხალისეებისგან და პროფესიონალი სამხედროებისგან შედგება. ლეგიონი აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეიქმნა. მისი მეთაურია პოლკოვნიკი მამუკა მამულაშვილი.
2016 წლის თებერვალში ქართული ლეგიონი ოფიციალურად შეუერთდა უკრაინის 25-ე მოტოქვეითთა ბატალიონს და ამჟამად უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ექვემდებარება.
ქართული ლეგიონი, რომლის რიგებშიც ქართველი მოხალისეების გარდა სხვა ეროვნების წევრებიც იბრძვიან, დღეისთვის 2000-მდე სამხედროს აერთიანებს.
“სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის აპრილიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით, მამულაშვილი უცხოური სახელმწიფოებიდან დაქირავებულ მეომრებს არეკრუტირებდა, პრიორიტეტს კი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილ სამხედროებს ანიჭებდა.
ამის შემდეგ ის ასწავლიდა და იარაღს აძლევდა გადაბირებულ მოქალაქეებს და, ასევე, საომარ ქმედებებში მათ ჩართულობას უზრუნველყოფდა. აღნიშნული ქმედებებისთვის ბრალდებულმა 23 მილიონი რუბლის ეკვივალენტზე მეტი ღირებულების ანაზღაურება მიიღო.
2022 წლის აპრილში მამულაშვილმა ვიდეოჰოსტინგ YouTube-ზე არხს, Ходорковский-LIVE-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც საჯაროდ გამოთქვამდა ანტირუსულ პოზიციებსა და შეხედულებებს და ასევე შეგნებულად ცრუ ინფორმაციას რუსული შეიარაღებული ძალების შესახებ. ყველა მათგანი თავის სასჯელს მკაცრი რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში მოიხდის.”