რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის და უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორის, მაიკლ მაკფოლის თქმით, მათ საკმაოდ მყარი მტკიცებულებები აქვთ, რომ ქართველი ინდივიდები და ორგანიზაციები რუსეთს რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. ამის შესახებ მან “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში ისაუბრა.
“რაც ამ ეტაპზე შემიძლია გაგიმხილოთ, არის შემდეგი: ჩვენს ჯგუფს ნამდვილად აქვს განხილული კონკრეტული ინდივიდები და ორგანიზაციები საქართველოდან, რომელთა სანქცირებაზე ვფიქრობთ. ასე რომ, დაელოდეთ მოვლენათა განვითარებას – ახალ დოკუმენტებს ზაფხულის განმავლობაში გამოვაქვეყნებთ.
გვაქვს საკმაოდ მყარი მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს, რომ ისინი ეხმარებიან რუსეთს სანქციებზე გვერდის ავლასა ან, ასე ვთქვათ, “გზის მოჭრაში”, და ჩვენ გვსურს ამას ნათელი მოვფინოთ. იმაზე, რომ საქართველო ნამდვილად არის ჩართული ამაში, ისიც მიუთითებს, რომ დავასახელებთ ცნობილ გვარებს. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული და ამიტომაც ვფრთხილობ.” – ამბობს მაიკლ მაკფოლი.
გასულ კვირას საქართველოში ერთობლივი ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი და სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი.
დევიდ ო’სალივანის თქმით, ევროკავშირი იმედგაცრუებულია, რომ საქართველო დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება, თუმცა კონტექსტის გეოპოლიტიკური გათვალისწინებით, ეს მათ “ესმით.”
როგორც აიერმა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯიმ ო’ბრაიენმა ერთობლივ კონფერენციაზე განმარტეს, ვიზიტის ძირითადი მიზანი მოსაზღვრე ქვეყნებიდან რუსეთის მიმართულებით სანქცირებული ტექნიკის შესაძლო იმპორტის კონტროლის მექანიზმებზე მუშაობაა.
კუმარ აიერმა ასევე განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდების მცდელობების უმრავლესობა სახმელეთო საზღვრებზე ხდება, თუმცა კონტროლი უნდა გამკაცრდეს საჰაერო მიმოსვლაზეც.