Gallup-ის კვლევა: საქართველოში 83% ამბობს, რომ ქვეყნის დასაცავად იარაღით იბრძოლებს
კვლევა ომზე
საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია Gallup international-ის ახალი კვლევის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების ხუთეულში მოხვდა, რომლის ყველაზე მეტი მოქალაქეც აცხადებს, რომ მზადაა იბრძოლოს, თუ ქვეყანაში ომი იქნება.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ კვლევის ფარგლებში, ჯამში, 46 138 ადამიანი გამოიკითხა და თითოეული ქვეყნიდან ინტერვიუერთა რეპრეზენატატული რაოდენობა იქნა შერჩეული.
გამოკითხვა 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში ჩატარდა პირისპირი, სატელეფონო ან ონლაინ ინტერვიუს სახით. Gallup international-ის თქმით, კვლევის ცდომილების ზღვარი არის 3-5%.
პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
● სომხეთი — 96%
● საუდის არაბეთი — 94%
● აზერბაიჯანი — 88%
● პაკისტანი — 86%
● საქართველო — 83%
იმ ქვეყნების სია, სადაც ომის შემთხვევაში ყველაზე მეტი ადამიანი აცხადებს, რომ თავად არ იბრძოლებს, ასეთია:
● იტალია — 78%
● ავსტრია — 62%
● გერმანია — 57%
● ნიგერია — 54%
● ესპანეთი — 53%