ტაილანდური მედია: საქართველოში ე.წ. კვერცხუჯრედების ფერმის მსხვერპლი 100-მდე ტაილანდელი ქალი გახდა. შსს-მ გამოძიება დაიწყო
კვერცხუჯრედების ფერმის მსხვერპლი ქალები
ტაილანდური გამოცემა The Nation საქართველოში მოქმედი ტრეფიკინგის მასშტაბური სქემის შესახებ წერს. გამოცემის ცნობით, ტაილანდურმა ქალთა ფონდმა Pavena Foundation for Children and Women ცოტა ხნის წინ სამი ტაილანდელი ქალი ჩინური კრიმინალური დაჯგუფების მიერ მართული ე.წ. კვერცხუჯრედების ფერმიდან დაიხსნეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბანგკოკის ინტერპოლიდან მიღებული წერილის საფუძველზე ტრეფიკინგის საქმეზე გამოძიება დაიწყეს.
რას წერს გამოცემა The Nation
ფონდის ცნობით, ჯამში 100-მდე ტაილანდელი ქალი კრიმინალური დაჯგუფების წევრებმა, რომლებიც თავს სუროგაციის ბროკერებად ასაღებდნენ, საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანეს. სქემის მიხედვით, ტაილანდელი ქალები უცხოელი წყვილების სუროგატები უნდა გამხდარიყვნენ და ამისთვის მათ 400 000-დან 600 000-მდე ($12 000-17 000) ტაილანდურ ბატს ჰპირდებოდნენ.
“საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ქალები იზოლირებულ საცხოვრებელ კომპლექსში გადაჰყავდათ, სადაც მათ სუროგაციის ნაცვლად, ყოველთვიურად კვერცხუჯრედების მოპოვების პროცედურების გავლას აიძულებდნენ. მოპოვებულ კვერცხუჯრედებს კი, სავარაუდოდ, ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) პროცედურებში გამოყენებისთვის სხვა ქვეყნებში აგზავნიდნენ.
სქემის მსხვერპლები იძულებულნი იყვნენ ყოველთვიურად კვერცხუჯრედების სტიმულირებისთვის ჰორმონალური პროცედურები და ინვაზიური სამედიცინო პროცედურები გაევლოთ, რაც მათ ჯანმრთელობას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა. პროცედურებზე უარის თქმის შემთხვევაში კი ქალებს ციხით ემუქრებოდნენ და სქემიდან თავის დასახსნელად დიდი თანხის გადახდას სთხოვდნენ.” – ვკითხულობთ სტატიაში.
ორგანიზაცია Pavena Foundation for Children and Women-ს სქემის ერთ-ერთი მსხვერპლი ნა [სახელი შეცვლილია] დაუკავშირდა, რომელმაც საკუთარ ოჯახის წევრებთან დაკავშირება და მათი დახმარებით გამოსასყიდის შეგროვება შეძლო. მისმა ოჯახმა კრიმინალურ დაჯგუფებას დაახლოებით 2 100 აშშ დოლარი გადაუხადა.
ნას თქმით, მასთან ერთად საქართველოში 10 ტაილანდელი ქალი ჩამიყვანეს. ისინი ჯგუფის ლიდერ ქალთან ერთად სომხეთის გავლით, მატარებლით ჩამოვიდნენ და სასტუმროში გაჩერდნენ, სადაც მათ ე.წ. ლიდერმა პასპორტები ჩამოართვა. მომდევნო დღეს კი ქალები ოთხი სახლისგან შემდგარ კომპლექსში გადაიყვანეს.
“იმ სახლში, რომელშიც გადამიყვანეს უკვე იმყოფებოდა 60-მდე ტაილანდელი ქალი, რომელთა უმეტესობას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მომდევნო დღეს კი მეორე სახლში გადამიყვანეს, სადაც 10 ტაილანდელი ქალი დამხვდა – ოთხივე სახლში დაახლოებით 100-მდე ქალი ცხოვრობდა და ტერიტორიაზე მათ ხშირად ხვდებოდათ ჩინელი მამაკაცები.” – ამბობს ნა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სამმა ტაილანდელმა ქალმა სამშობლოში დაბრუნება ტაილანდის პოლიციის მიერ ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად შეძლო, რომელსაც ქვეყნის პოლიციის საგარეო საქმეთა განყოფილების უფროსი, სურაფან თაიპრასერტი ინტერპოლთან კოორდინაციით ხელმძღვანელობდა.
Pavena Foundation for Children and Women-ის ცნობით, 100-მდე ტაილანდელი ქალი კვლავ საქართველოში რჩება. ორგანიზაცია ტაილანდის მთავრობას მოუწოდებს დახმარებისთვის ჩინეთის ხელისუფლებას მიმართოს და ასევე, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააძლიეროს ძალისხმევა დანაშაულებრივი ქსელის გამოსავლენად და ტრეფიკინგის მსხვერპლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
შსს-ს განცხადება
“სამართალდამცველებმა გამოძიების დაწყებისთანავე ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება განახორციელეს, მათ შორის დაინიშნა ექსპერტიზები და სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდა ჩხრეკა. გამოიკითხა 70-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუმცა არცერთ მათგანს გარდა 3 ტაილანდელი ქალბატონისა, რაიმე სახის პრეტენზია არ დაუფიქსირებია.
გამოკითხული 3 ტაილანდელი ქალბატონი განმარტავდა, რომ აღარ სურდათ სუროგატი დედობა და საცხოვრებელ მისამართზე დარჩენა. სამართალდამცველების მიერ იმავე დღეს მოხდა სამივე ქალბატონის გადაყვანა ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარში და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ მათ ქვეყანა დატოვეს.
პოლიციამ, ასევე გამოიკითხა უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე, რომელთა მიერაც ტაილანდის მოქალაქეების საქართველოში სუროგაციის მიზნით ჩამოყვანა მოხდა.
სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, საიდანაც გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია” – წერს უწყება.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ადამიანით ვაჭრობას გულისხმობს.