საქართველო: იანვარში კორონავირუსით რეინფიცირების 57 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა
კორონავირუსით რეინფიცირება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, იანვარში კორონავირუსით რეინფიცირების დაახლოებით 57 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ომიკრონის შტამის თვისებაა, რომ ის „გვერდს უვლის“ ძველ შტამებს და ამიტომ, რეინფიცირებაც მნიშვნელოვნად გაიზარდა.
როგორც გამყრელიძე ამბობს, ბოლო მონაცემებით 14% იყო რეინფიცირებისა იმ 1800 ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში, სადაც სეკვენირება ჩატარდა და ომიკრონ-სპეციფიკური ტესტები იქნა გამოყენებული.
“ომიკრონის დამახასიათებელი თვისებებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სწორედ ის გახლავთ, რომ ის ძველ შტამებს გვერდს უვლის და რეინფიცირება მაღალია. დაახლოებით, 3, 4, 5-ჯერ მაღალი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით და ომიკრონის სწრაფი გავრცელების გამო, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 672 სკოლა გადავიდა, ხოლო სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 146-მა მასწავლებელმა გამოთქვა.
“ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით კორონავირუსი მასწავლებელთა 5,8%-ს და მოსწავლეების 2,1%-ს დაუდასტურდა. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%.” – ამბობენ განათლების სამინისტროში.
● გარიყული აუცრელები – ანტივაქსერები ევროპაში სულ უფრო მეტ შესაძლებლობასა და უფლებას კარგავენ
● ეკლესია და Pfizer-ი: რატომ ჩააგდო საქართველომ ვაქცინაციის კამპანია
● რა საერთო აქვთ ქართველ, სომეხ და უკრაინელ ანტივაქსერებს
ომიკრონის სწრაფი გავრცელების გამო, საქართველოს მთავრობამ ვაქცინაციის ახალი გეგმა შეიმუშავა, რომლის მიხედვით, ივლისამდე მოზრდილი მოსახლეობის 70 პროცენტი უნდა იყოს აცრილი.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ სამიზნე მაჩვენებელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით განისაზღვრა: მაღალი ასაკის მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, სამედიცინო პერსონალი და სხვა ესენციური ჯგუფები, ვისაც აქვს მაღალი რისკი პროფესიიდან გამომდინარე.
ეროვნული გეგმის თანახმად, ქვეყნის მიზანი 2021 წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრა იყო, თუმცა ამ დრომდე სრულად ვაქცინირებულია 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის მხოლოდ 42.7%.