კორონავირუსით მე-14 ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში
გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცი იყო.
ის სეფსისის ცენტრიდან თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 4 აპრილს შეიყვანეს. კაცი, რომელსაც 70 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ, ეროვნული ბანკის თანამშრომელი იყო.
13 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 851 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 2795 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 702 გამოჯანმრთელდა და 14 გარდაიცვალა.
საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, გარდაცვლილს კორონავირუსთან ერთად თანმხლები ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
- როგორი იქნება ტურიზმი კორონავირუსის შემდეგ. საქართველო ტურისტების მისაღებად ემზადება
- პირბადე, დამცავი ფარი და უკონდიციონერობა. 6 ივლისს საქართველოში ეროვნული გამოცდები იწყება
- ვირუსის აფეთქება სომხეთში – მიზეზები და დასკვნები საქართველოსთვის
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად 21 მარტიდან 23 მაისამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი საქართველოში 27 აპრილიდან ამოქმედდა.15 ივნისიდან საქართველო შიდა ტურიზმის განახლებას გეგმავს, 1 ივლისიდან კი საზღვრების გახსნას და უცხოელი ტურისტების მიღებას.