კორონავირუსისგან ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ასეულში საქართველო მე-40 ადგილზეა
Deep Knowledge Group-ის კვლევის თანახმად, კორონავირუსისგან ყველაზე უსაფრთხო 100 ქვეყანას შორის საქართველო მე-40 ადგილზეა. ამ სიაში აშშ 55-ე, აზერბაიჯანი 59-ე, ხოლო სომხეთი 73-ე ადგილზეა.
COVID-19-ისგან ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა გერმანიაა, მას მოსდევს ახალი ზელანდია და სამხრეთ კორეა. შვეიცარია, რომელიც ივნისში გამოქვეყნებულ პირველ რეიტინგში პირველ ადგილზე იყო, ახლა მეოთხე ადგილზეა.
Deep Knowledge Group-ის სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1. გერმანია
2. ახალი ზელანდია
3. სამხრეთ კორეა
4. შვეიცარია
5. იაპონია
6. ავსტრალია
7. ჩინეთი
8. ავსტრია
9. არაბთა გაერთიანებული საამიროები
10. სინგაპური
ამერიკის შეერთებული შტატები 55-ე ადგილს იკავებს და უნგრეთს, ვიეტნამს, ჩინეთს, მალაიზიასა და ბულგარეთს ჩამორჩება.

ყველაზე რთული მდგომარეობა კორონავირუსის გავრცელების კუთხით კი სომალილენდში, სამხრეთ სუდანში, ავღანეთსა და მალიშია.
როგორც Deep Knowledge Group-ის კვლევაშია აღნიშნული, ამ რეიტინგის მთავარი საზომი ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირებულთა ან გარდაცვლილთა რაოდენობა არ არის, თუმცა, რეიტინგში ეს ფაქტორიც გათვალისწინებულია.
• რამდენს კარგავს საქართველო კორონავირუსის გამო? საგარეო ვაჭრობა პანდემიის დროს – ციფრები
კვლევის ავტორების განცხადებით, მათ რეიტინგი მთელი რიგი სამედიცინო, ეკონომიკური და პოლიტიკური ასპექტების მიხედვით შეადგინეს და გათვალისწინებულია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა:
როგორ თანამშრომლობენ ერთმანეთთან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება, კორონავირუსის მონიტორინგის და გამოვლენის რამდენად კარგი სისტემაა ქვეყანაში, რამდენად მოწყვლადია ქვეყნის ეკონომიკა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების წინაშე, ძლიერია თუ არა სამედიცინო სისტემა და რამდენად კარგად არის ქვეყანა აღჭურვილი იმისთვის, რომ კორონაპანდემიით გამოწვეულ საგანგებო ვითარებას გაუმკლავდეს.