აზერბაიჯანში კორონავირუსით დაინფიცირების მეორე ტალღა დაიწყო
აზერბაიჯანში ახლახან COVID-19-ით დაინფიცირების ახალი შემთხვევების კლების შემდეგ შემთხვევებმა მკვეთრად იმატა, და უკვე თითქმის ერთი კვირაა, მათი რიცხვი ისევ მაღალია. მაგრამ მედიისა და სოციალური ქსელების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს განსაკუთრებულად არც ჩინოვნიკებს აღელვებთ და არც – მოსახლეობას. ქვეყანა კარანტინიდან თანდათან გამოდის.
- „დილამდე ვიცეკვებ. და ტატუს გავიკეთებ“, – ბაქოელები კარანტინის შემდგომი ცხოვრების გეგმებს გვიზიარებენ
- ნავთობი და კორონავირუსი – აზერბაიჯანის ეკონომიკის ორი უბედურება
- კორონავირუსის წინააღმდეგ აზერბაიჯანის “ბრწყინვალე გამარჯვება”: რა არ არის წესრიგში
მეორე ტალღა იქნება, მაგრამ ყველაფერი კონტროლდება
ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში 12 მაისს კორონავირუსით დაინფიცირების 104 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, და ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მოცემული მომენტისთვის დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა შეადგენს 2693 ადამიანს, რომელთაგან 33 გარდაიცვალა, ხოლო 1735 – უკვე გამოჯანმრთელდა.
ჯერ კიდევ ახლახან გამოჯანმრთელებულთა სადღეღამისო მონაცემები დაინფიცირების ახალ შემთხვევებს მნიშვნელოვნად აჭარბებდა. ექსპერტები ამბობდნენ, რომ დაინფიცირების პიკი უკვე გადავლილია, მედია კი გაიძახოდა, თუ რამდენად სწრაფად და ადვილად დაამარცხა აზერბაიჯანმა კორონავირუსი, და ქვეყნის მოქალაქეების მიერ პრეზიდენტ ილჰამ ალიევისადმი მიწერილ მრავალრიცხოვან „სამადლობელ წერილს“ აქვეყნებდა.
ამჟამად სრულიად საპირისპირო სურათია, დაინფიცირების სადღეღამისო მაჩვენებელი გამოჯანმრთელების შემთხვევებს ორჯერ აღემატება, და ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ დაინფიცირების მეორე ტალღა ან უკვე დაიწყო, ან ეს-ესაა დაიწყება.
მაგრამ ხელისუფლებაც და ჟურნალისტებიც ძველებურად სიამაყით და ოპტიმიზმით არიან აღვსილნი. ერთი ისაა, რომ რატომღაც სამადლობელი წერილების გამოქვეყნება შეწყდა.
ქვეყნის მოქალაქეები, როგორც ჩანს, ციფრებით და კარანტინით უბრალოდ დაიღალნენ და ყველაფერზე ხელი ჩაიქნიეს. ხელისუფლება კი მეორე ტალღას სწორედ ამით ხსნის.
მინისტრთა კაბინეტისა და პრეზიდენტის მიერ გამოთქმული ძირითადი თეზისები:
- კარანტინიდან გამოსვლის კვალდაკვალ დაინფიცირების მეორე ტალღა გარდაუვალია, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ;
- ქვეყნის მცხოვრებლები მასობრივად უპასუხისმგებლოები, შეუგნებლები არიან – ნიღბებს არ ატარებენ, დისტანციას არ იცავენ, და ამიტომაც ინფიცირდებიან;
- საშინელი არაფერი ხდება, ყველაფერი კონტროლდება, და აზერბაიჯანი ვირუსს კარგად, ბევრ სხვა ქვეყანაზე უკეთესად უმკლავდება.
შესაძლებელია შოპინგიც, სტილისტთან წასვლაც – მხოლოდ sms-ნებართვით
აზერბაიჯანში საკარანტინო რეჟიმი ოფიციალურად 31 მაისამდე გაგრძელდება. მაგრამ ახლა უკვე გაცილებით შერბილებულია, ვიდრე მანამდე: გაიხსნა ყველა მაღაზია (სავაჭრო ცენტრების გარდა), სილამაზის სალონები და ფოტოსტუდიები, ხოლო რეგიონების უმეტესობაში გაიხსნა კაფეებიცა და რესტორნებიც, მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა კი მოიხსნა.
ბაქოში სრულიად აღდგენილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა – 9 მაისიდან ისევ ამუშავდა მეტრო, ავტობუსები კი მუშაობას კარანტინის დროსაც აგრძელებდნენ.
ამავდროულად დედაქალაქში პარკები, სკვერები და საზოგადოებრივი დასვენების მსგავსი სივრცეები დღემდე დაკეტილია. შინიდან გასასვლელად კი ადამიანებს ან სამსახურიდან ცნობა უნდა ჰქონდეთ, ან – ხელისუფლებისგან – sms-ნებართვა.
ნებართვა დღეში სამი საათით გაიცემა, მაგრამ ეს იმისთვის სრულიად საკმარისია, რომ ქუჩებში უამრავი ადამიანი იყოს, ავტობუსები კი ისე გადაიჭედოს, როგორც ეს კარგ დროს, კარანტინამდელ პიკის საათებში ხდებოდა.
ყველას $112 – უმუშევრებს, მდიდრებს, გარდაცვლილებს
ჯერჯერობით საზოგადოებაში ყველაზე დიდ მღელვარებას იწვევს ერთიანად ფულადი კომპენსაციის გადახდა მათთვის, ვინც კარანტინის გამო უსამსახუროდ დარჩა. თვეში 190 მანათის [დაახლოებით $112] ოდენობის შემწეობა 600 ათასი ადამიანისთვის (თუმცა, სინამდვილეში უმუშევართა რაოდენობა გაცილებით მეტია) არის გათვალისწინებული.
შემწეობას ორი თვის განმავლობაში იხდიან – აპრილსა და მაისში. და ამ შემწეობების გარშემო კამათი, აღშფოთება და მხილებები პირველი დღეებიდანვე არ ცხრება.
სოციალურ ქსელებში მუდმივად ქვეყნდება ცნობები იმის თაობაზე, რომ ამ თანხის მიმღებთა შორის არიან ძალიან შეძლებული ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ოფიციალურად არსად მუშაობენ.
მეტიც, მათ შორის გარდაცვლილებიც კი არიან (ეს ფულის მიმღებთა ონლაინ სიის შესწავლის შემდეგ დადგინდა).
საერთო ჯამში, შემწეობების გადარიცხვას მრავალრიცხოვანი მაქინაცია ახლდა. იმ ბარათის მისაღებად კი, რომელზეც ფული ირიცხება, ბანკებთან ისევ და ისევ უამრავი ადამიანი გროვდება – ყოველგვარი ნიღბისა და სოციალური დისტანციის გარეშე.