ბოლო კვირაში საქართველოში კორონავირუსის 2 570 შემთხვევა დადასტურდა
კორონავირუსის 2 570 შემთხვევა დადასტურდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა და დადასტურდა 2 570 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 103 ადამიანი. ბოლო კვირაში ქვეყანაში ქვეყანაში ჩატარდა 63 443 ტესტი.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში დადასტურდა ინფიცირების 1 662 299 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 643 579 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 844.
კორონავირუსის შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით NCDC- ს დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ვინც აცრილია და ბუსტერიც გაკეთებული აქვს, სასურველია, მეორე ბუსტერი გაიკეთონ:
“b4 და b5 ხასიათდებიან უფრო მაღალი ტრანსმისიით, ანუ გავრცელებით და გადადებით, მაგრამ მისი სიმძიმე არ არის უფრო მეტი. მთავარ რეკომენდაციად შემოდგომისთვის ისევ და ისევ იმუნური ფენის გაზრდა რჩება. ამიტომ აუცილებელია, რომ მივმართოთ ამცრელ პუნქტებს და ავიცრათ.”
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსის სტატისტიკის მონაცემები – ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები, ყოველკვირეულად ჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს ქვეყნდება.
ასევე, პირბადის გამოყენება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებშია სავალდებულო. შეზღუდვა მოხსნილია საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც.
“გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტებმა, ინფიცირების შემთხვევების სტაბილურად კლებადი მაჩვენებლიდან გამომდინარე მიიღეს – დღიურად, ვლინდება, საშუალოდ, 100-150 შემთხვევა და ერთეულია, ან საერთოდ არ ფიქსირდება გარდაცვალების დღიური შემთხვევები.” – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.