ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ვერ შეძლო კორონავირუსმა მათემატიკის შეჩერება
ვალიდა მოსამზადებელი კურსების უფროსკლასელებს მათემატიკას ასწავლის. როდესაც აზერბაიჯანში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა, დაიხურა ყველა სასწავლო დაწესებულება. მაგრამ სახელმწიფო და კერძო სკოლები და უნივერსიტეტები მალე ონლაინსწავლებაზე გადავიდნენ.
„კონკრეტულად ჩემს საქმეში, კარანტინი გადაუჭრელი პრობლემა არ გამხდარა. შემიძლია ონლაინ ვასწავლო, გავუგზავნო და შევამოწმო საშინაო დავალებები.
მოსწავლეებთან პირადი შეხვედრების გარეშე დარჩენა – სამწუხარო ფაქტია, მაგრამ არაფერი საშიში, გაკვეთილები სტაბილურად, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ყველაფერი წესრიგშია.
ონლაინგაკვეთილებში პლუსებიც აღმოვაჩინე, ისევე, როგორც ბავშვებმა. კარანტინი დაეხმარა ბევრ ბავშვსა და მშობელს, გაეცნობიერებინათ, რომ ესეც ვარიანტია და არა ყველაზე ცუდი.

ზოგიერთი მშობელი ჩივის, რომ ონლაინგაკვეთილები ხელს უშლის მათ, მაგალითად, მუშაობაში, თუკი სახლში ერთი კომპიუტერია. მაგრამ ამას ვერაფერს ვუზამთ: მათ უბრალოდ არჩევანი უნდა გააკეთონ – ან ბავშვი ვერ ისწავლის, სანამ ეს ყველაფერი არ დასრულდება, ან მათ უნდა მოარგონ საკუთარი გრაფიკი შვილების სასწავლო გეგმას.
- “რომ გამოვალ, ჩემს ცოლს ვაკოცებ”. შვიდი ამბავი კარანტინიდან
- ისტორია აზერბაიჯანული საავადმყოფოდან: „კარგია, რომ ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე“
გვაქვს კიდევ ერთი ვარიანტი: თუკი ვინმე ვერ ახერხებს მონაწილეობის მიღებას, მას გაკვეთილის ვიდეოს ვუგზავნით და კითხვების დასმაც შეუძლია, მაგალითად, ჩატში.
რა თქმა უნდა, მოსახერხებელია, როდესაც მოსწავლეს კვირაში ერთხელ მაინც ნახულობ, რათა პირადად დაელაპარაკო. ასე კი გიწევს ჩატში დაუსვა კითხვები: აბა, გააკეთე დავალება თუ არა?
მეორე მხრივ, არ მახსოვს შემთხვევა, როდესაც თავიდანვე მოტივირებული ადამიანი, რაიმე ტექნიკურ პრობლემას შეეჩერებინოს – არ არის კომპიუტერი, არ აქვს საკუთარი ოთახი და ა.შ.
ჩემს მოსწავლეებს ყველაზე მეტად გაურკვევლობა აწუხებთ და ის, რომ გამოსაშვები გამოცდების თარიღი მუდმივად იწევს.
ერთადერთი პრობლემა მაქვს – კონცენტრირება მიჭირს, როდესაც სახლში ვარ. ადრე ამისთვის ყოველთვის სადღაც გავდიოდი, ახლა კი სხვა ვარიანტი არ არის, ან ასე, ან არანაირად.
საკუთარ დისციპლინაზე მიწევს მუშაობა. რთულად, მაგრამ გამომდის.
თუკი ზოგადად სირთულეებზე ვილაპარაკებთ, მაგალითად, მივეჩვიე ყოველდღე ფეხით სიარულს და ახლა ორგანიზმი ითხოვს ამას.
პირველ პერიოდში, ვცდილობდი, საერთოდ არ გავსულიყავი შინიდან – სიმართლე გითხრათ, უბრალოდ მეშინოდა. შემდეგ უკვე ეჩვევი.
რაც შეეხება დადებით მხარეებს – აღარ ვიხარჯები საჭმელზე აქაც და იქაც, თვითონ ვიმზადებ ყველაფერს და აღმოჩნდა, რომ ნამდვილად მეზოგება ფული.