ისტორია აზერბაიჯანული საავადმყოფოდან: „კარგია, რომ ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე“
ახალგაზრდა ჟურნალისტის საკარანტინო დღიური
აზერბაიჯანში, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, 4 ათასზე მეტი ადამიანი კარანტინშია მოთავსებული. მათი უმრავლესობა ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან დაბრუნდნენ.
როდესაც ნიგარი თურქეთიდან დაბრუნდა, ის პირდაპირ ბაქოს აეროპორტიდან წაიყვანეს კარანტინში, აზერბაიჯანის სამხრეთით, ჯალილაბადის ცენტრალურ საავადმყოფოში.

„დღეს, კარანტინის მე-14 დღეა. ვფიქრობდით, რომ დღეს გაგვიშვებდნენ, მაგრამ კიდევ ერთი ტესტი ჩაგვიტარეს, უკვე მესამე.
ჩვენი დღეები ძალიან დეპრესიულად გადის: არაფერს არ გვეუბნებიან და ყველაზე მეტი სტრესი გვაქვს იმის გამო, რომ არ ვიცით, როდის გავალთ აქედან. ვცდილობთ, გავუძლოთ.
შევდივარ ინტერნეტში, მეგობრებს ვწერ, ყურადღება გადამაქვს. იმ მომენტიდან, რაც აქ მოვხვდი, უამრავმა ნაცნობმა და უცნობმა ადამიანმა მომწერა და მხარი დამიჭირა. ეს ძალიან სასიამოვნოა.


ბევრი რამ შეიცვალა მას შემდეგ, რაც აქ ვარ.
მაგალითად, ადრე ვფიქრობდი, „ოღონდ აქედან გავსულიყავი“. შემდეგ კი ვნახე, რა მდგომარეობაში უწევთ ყოფნა მედიცინის მუშაკებს და გული მტკივა ჯანდაცვის სისტემის გამო. არ არის არც ნიღბები, არც სპირტი, ისინი ძალიან მძიმე პირობებში მუშაობენ. მაგრამ ამის მიუხედავად, ბრაზს პაციენტებზე არ ანთხევენ და ჩვენ ძალიან ყურადღებითა და თავაზიანად გვეპყრობიან. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ისინი „დას“ და „შვილს“ გეძახიან.
აქ მოთმინება ვისწავლე.
არ ვნანობ, რომ აქ მოვხვდი – კარგია, რომ ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე.
მორალურად ვემზადები იმისათვის, რომ თუკი უცებ დავინფიცირდი, უნდა ვიბრძოლო ვირუსთან. ახლა ხომ ყველა ამის ალბათობით ვცხოვრობთ. მთავარია – სახლში მოხვედრის შემდეგ, არ დააინფიცირო სხვები.
აქ უფლება გვაქვს სახლიდან რაღაცები მივიღოთ, მაგრამ არავის შეწუხება არ მინდა და არ მივეცი ჩემიანებს ბაქოდან აქ ჩამოსვლის უფლება.
მაგრამ აქ ცხოვრობს ჩემი დაქალის დაქალი – მადლობა მას, იმდენი ტკბილეული გამომიგზავნა გუშინ! უცნაური და სასიამოვნო იყო აქ მისი ნაყიდი ნამცხვრების ნახვა. პირველად, დიდი ხნის განმავლობაში, ძალიან გავიხარე.
და კიდევ, ძალიან მომენატრა დედაჩემის მომზადებული საჭმელი!“.

ფოტო: ნიგარ მუბარიზი