კორონავირუსი ბოლნისის კიდევ ერთ სოფელში, გეტაში დაფიქსირდა
ბოლო 24 საათში საქართველოში covid-19-ის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
5 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 604 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4887 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 500 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 240 გამოჯანმრთელდა და 9 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
covid-19-ის გავრცელების ყველაზე მძიმე კერებად კვლავ ბოლნისი და თეთრიწყარო რჩება. კორონავირუსის ახალი შემთხვევები სწორედ ამ ორ მუნიციპალიტეტშია გამოვლენილი. covid-19 დაუდასტურდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში მცხოვრებ 82 წლის მამაკაცს. აქამდე ამ სოფელში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.
კორონავირუსი უჰანის ლაბორატორიიდან? რაში ადანაშაულებს დასავლეთი ჩინეთს
როგორ მოიხსნება შეზღუდვები – მთავრობის გეგმა
ეპიდემიოლოგები მუშაობენ ბოლნისის რაიონის სოფელ მუშევანშიც, სადაც პირველ მაისს, ერთ დღეში ახალი კორონავირუსით 10 ადამიანი დაინფიცირდა.
ქვემო ქართლში covid-19-ით სულ 184 ადამიანია დაავადებული.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.