ზუგდიდში სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკამ პირბადეები დაარიგა
საქველმოქმედო აქციას ხალხმრავლობა მოჰყვა
სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა დღეს, 26 მარტს, ზუგდიდში მოქალაქეებს პირბადეები, ხელთათმანები და სადეზინფექციო ხსნარები დაურიგეს.
ღონისძიებაზე უამრავი ხალხი შეგროვდა, მაშინ, როცა კორონავირუსის პანდემიის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება.
“არ არის ახლა პიარის და ქულების დაწერის დრო. ხო შეიძლება ევლოთ კარდაკარ და ჩამოერიგებინათ [პირბადეები] ვიღაც ერთ-ორ ადამიანს და არ გამოიწვიონ ესეთი მოსახლეობის შეკრება. ამდენი შეგნება და ტვინი ხომ ყველას უნდა ჰქონდეს?!” – ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მიერ ზუგდიდში მასობრივი საქველმოქმედო აქციის ორგანიზებას.
სააკაშვილის მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული მასობრივი შეკრების მისამართით გამოთქმულ კრიტიკას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა.
მან აღნიშნა, რომ უკვე რამდენიმე დღეა, რაც ”სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა” ამერიკელი ქართველების და ახალგაზრდა, თავდადებული მოხალისეების მონაწილეობით თბილისში, მარნეულში, რუსთავში, ზუგდიდში, ქუთაისში, თელავსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში სადეზინფექციო საშუალებებსა და პირბადეებს არიგებს და არსად პრობლემა არ შექმნილა.
“თითქმის ყველგან პოლიციამ ძალიან მაგრად იმუშავა და ხალხი იცავს უსაფრთხო დისტანციას. ზუგდიდში დღეს მოვიდა იმაზე მეტი ხალხი, ვიდრე მოსალოდნელი იყო და, როგორც ჩანს, პოლიციამ ისე ვერ იმუშავა, როგორც იმუშავა წინა დღეებში. ამაზე ატყდა ერთი ამბავი ხელისუფლების მხრიდან, რომ ბიბლიოთეკამ დაარღვია უსაფრთხოების წესები”, – აცხადებს სააკაშვილი ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეოში.
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- მარნეული და ბოლნისი დაიკეტა
- მარნეული ეპიდაფეთქების მოლოდინში. რა ხდება დახურულ ქალაქში
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 23 მარტს კი კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო მარნეული და ბოლნისი დაიკეტა. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.