"გვინდა, საქართველო დაწინაურდეს და წარმატებული იყოს" - ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს, ფონ დერ ლაიენს შეხვდა
ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს, ფონ დერ ლაიენს შეხვდა
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტის ფარგლებში, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირს უნდა, საქართველო წარმატებული იყოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და ქვეყანამ უნდა განაგრძოს რეფორმების განხორციელება.
Good meeting with Prime Minister @GharibashviliGe
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) October 6, 2022
The EU remains committed to Georgia's security and territorial integrity.
We also want 🇬🇪 to advance and succeed on its EU path. Reform efforts must be sustained.
The @EU_Commission is ready to support in this process. pic.twitter.com/bUiWXQTR3D
ლაიენის თქმით, ევროკომისია მზადაა, საქართველოს 27 ქვეყნისგან შემდგარი ბლოკისკენ მიმავალ გზაზე მხარი დაუჭიროს. ასევე, გერმანელი პოლიტიკოსის თქმით, ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობის ერთგული რჩება.
“ჩვენ ასევე გვინდა, რომ საქართველო დაწინაურდეს და წარმატებული იყოს ევროკავშირისკენ თავის გზაზე. უნდა შენარჩუნდეს რეფორმების ძალისხმევა.” – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ღარიბაშვილმა ფონ დერ ლაიენს განუმარტა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერს აკეთებს. მისივე თქმით, ამ მიზნით, საქართველო მყისიერად შეუდგა ევროკომისიის მიერ იდენტიფიცირებული 12 პრიორიტეტის შესრულებას.
როგორც მთავრობის ადმინისტრაცია წერს, შეხვედრის დროს საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომსა და მის გავლენას საქართველოსა და გარშემო რეგიონზე. ასევე, პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად ევროკავშირის მცდელობებს და საქართველოს მზადყოფნას, საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში.
“შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ევროკავშირთან სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ სფეროებში შემდგომ დაახლოებასა და ინფრასტრუქტურულ კომუნიკაციაზე ისაუბრეს. ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მოიწვია.” – ვკითხულობთ პრემიერის ადმინისტრაციის განცხადებაში.
● “თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა”, – საქართველოს პრემიერის გზავნილები
● “ჩალის ფასი”, “ფეიკი”, “ომში ჩათრევა” – ხელისუფლება ევროპარლამენტის რეზოლუციაზე
● გადამწყვეტი 180 დღე. რა უნდა მოასწროს საქართველომ დეკემბრამდე, თუ ევროკავშირთან დაახლოება უნდა
13 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწერილი 12 პუნქტის შესრულების შესახებ შეფასებას 2022 წლის ნაცვლად, 2023 წლისთვის მოამზადებს. ამის შესახებ ევროპარლამენტში გამოსვლისას ევროკომისიის წარმომადგენელმა, მაიკლ რუპმა ისაუბრა.
ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე 17 ივნისს დასკვნა მოამზადა. შედეგად, უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს და დაეკისრებათ გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ხოლო საქართველოს ჯერ 12 პუნქტიანი გეგმის და პირობების შესრულება დაევალება, შემდეგ კი კანდიდატობის სტატუსის მიღების შანსი ექნება.
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადა ერთად შეიტანა. ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს კი ევროკავშირისგან თვითშეფასების კითხვარის პირველი ნაწილი მიიღო. კითხვარები მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამაც.
რეზოლუცია, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ, ევროპარლამენტმა 9 ივნისს დაამტკიცა.