მოსაზრება: გვარამიას შეუძლია სერიოზული ინტელექტუალური წვლილი შეიტანოს ალიანსში - მაგრამ ის არ არის ხალხოსანი
გია ხუხაშვილი ნიკა გვარამიაზე
პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა გადაცემაში “360 გრადუსი“ პოლიტიკურ გაერთიანება “ახალზე“ საუბრისას განაცხადა, რომ ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრებს უნდა ეყოთ შესაძლებლობები და ძალა, რომ მაქსიმალურად დისტანცია დაიჭირონ “ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ “ახალს“ ეს ყველაზე მეტად გაუჭირდება, ძირითადად გვარამიას გამო. მისივე თქმით, ნიკა გვარამია პოლიტიკურ გაერთიანებაში სერიოზულ ინტელექტუალურ წვლილს შეიტანს, თუმცა ელექტოლარულად მის პოტენციალს ვერ ხედავს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და ტელეკომპანია “მთავარის” დამფუძნებელი, ყოფილი პოლიტპატიმარი ნიკა გვარამია საარჩევნოდ ერთიანდებიან – ამის შესახებ მათ 11 მარტის შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადეს.
პოლიტიკურ გაერთიანებას “ახალი” ერქმევა, მათი საარჩევნო ნომერი კი 4 იქნება.
გია ხუხაშვილი: “ნაციონალურ მოძრაობას“ და ქართულ ოცნებას“ ორპოლუსიანობის ინტერესი აქვთ, რომ სამყაროს მხოლოდ ისინი ავსებდნენ. მათი გზავნილები, ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად იდენტურია. „ნაციონალური მოძრაობაც“ ლაპარაკობს პარტიების კლონირებაზე და იმავეს ლაპარაკობს „ქართული ოცნებაც“. „ახალს“ კი არა, სალომე ზურაბიშვილსაც ეძახიან „ნაცს“ ადამიანები, რომლებიც „ნაცებთან“ იყვნენ შემძვრალები, როცა სალომე ზურაბიშვილი ჩვენთან ერთად აპროტესტებდა.
● ბოდიში პრეზიდენტს და სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა. ნიკა გვარამიას განცხადებები საპატიმროს დატოვების შემდეგ
● “სააკაშვილი დაღმავალი ფიგურაა ქართულ პოლიტიკაში”. რას ფიქრობენ ექსპერტები “ნაციონალური მოძრაობის” დაშლაზე
● გია ხუხაშვილის მოსაზრება: სააკაშვილმა ცოტა ხანი თავი დაგვანებოს, წიგნი დაწეროს
„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ეცდებიან, რომ ყველა ალტერნატივა გაანადგურონ. ვისაც თავისთან ვერ მოიზიდავენ, ეცდებიან, მოწინააღმდეგის ბანაკში მოიაზრონ. ახლა ამ თამაშს ექნება ადგილი. უნდა ეყოთ შესაძლებლობები და ძალა ამ ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრებს, რომ მაქსიმალურად დისტანცია დაიჭირონ. არა მხოლოდ ამათ, ასევე „ლელოს“ და მე ვფიქრობ, რომ „ლელო“ კიდევ უფრო პერსპექტიულია ამ მხრივ. ასევე, გახარიას პარტია, რომელიც ამას უკვე აკეთებს და მაქსიმალურ დისტანციას იჭერს. „ახალმაც“ იგივე უნდა გააკეთოს. ამათ ყველაზე მეტად გაუჭირდებათ და ძირითადად გვარამიას გამო.
პარადოქსია, მაგრამ ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო, მაგრამ მასზე ეს კომპრომატი, ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიან ცხრა წელზე რომ აქვს შექმნილი, უფრო ნაკლებად გადმოდის, ვიდრე ნიკა გვარამიაზე. არ ვამბობ, რომ არ იყო ნიკა გვარამიასთან პოლიტიკური პარტნიორობა მომგებიანი ნიკა მელიასთვის, მაგრამ ჯერჯერობით ბუნდოვანია ეს საკითხი ჩემთვის.
ნიკა გვარამია უდავოდ ძალიან მაღალინტელექტუალი ადამიანია. მას შეუძლია სერიოზული ინტელექტუალური წვლილი შეიტანოს ამ ალიანსში, უბრალოდ, როგორც პოლიტიკოსს მას არ ვიცნობ. ელექტორალურად მის პოტენციალსაც ვერ ვხედავ. სნობურ გარემოში კი ბატონო, მაგრამ ის არ არის ხალხოსანი, რომ ხალხის სიმპათია და მხარდაჭერა დაიმსახუროს.“