ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტს ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის
გაზიარება
გაზიარება
ღარიბაშვილი პოლიტიკიდან მიდის
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი,მმართველი გუნდის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნებას“ ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა 25 აპრილს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს მინდა გაგაცნოთ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება… დღემდე თითოეული ის ნაბიჯი, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამიდგამს, კონკრეტულ მიზანს ეფუძნებოდა – ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მსახურებას და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებას “, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილმა თქვა, რომ რჩება ბიძინა ივანიშვილის გუნდის “ერთგულ ჯარისკაცად”.
“მე ვრჩები ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად. მე ვარ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი და მე ვარ ბიძინა ივანიშვილის გუნდის ერთგული მხარდამჭერი, ჯარისკაცი”.
ჟურნალისტების კითხვაზე, შეიძლება თუ არა პოლიტიკაში დაბრუნდეს და ოპოზიციური პარტია შექმნას, მან უპასუხა, რომ “მსგავსი არაფერი განიხილება და ეს არის წმინდა წყლის სპეკულაციები და მიზანმიმართული დეზინფორმაცია”.
“რაც შეეხება ჩემს მომავალ საქმიანობას, ამასთან დაკავშირებით ჯერ კონკრეტული პასუხი არ მაქვს, მაგრამ ამას საზოგადოება გაიგებს, ეს ძირითადად იქნება კერძო სექტორში საქმიანობა,” – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თუმცა, მან ამავე დროს არ გამორიცხა, რომ მომავალში, შესაძლოა, დაბრუნდეს პოლიტიკაში:
“არსებობს თუ არა ალბათობა იმისა, რომ პოლიტიკაში კიდევ დავბრუნდე? გამორიცხული არაფერი არ არის. ჩემი მთავარი მოტივაცია არის ის, რომ პოლიტიკიდან გავიდე, მეტი დრო დავუთმო ჩემს ოჯახს და დანარჩენს ცხოვრება გვიჩვენებს”.
ჟურნალისტებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ თავის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში ღარიბაშვილს არ უხსენებია ქვეყნის პრემიერი, ირაკლი კობახიძე. მედიის ცნობით, მათ შორის დიდი ხანია კონფლიქტი არსებობს.
“ჩვენს გუნდში ბევრი ლიდერია,მე არ ჩავთვალე მიზანშეწონილად ჩამომეთვალა ყველა,” – უპასუხა ღარიბაშვილმა ჟურნალისტების ამ მინიშნებას.
მისივე თქმით, როცა ის პრემიერი იყო, ხოლო კობახიძე პარტიის თავმჯდომარე, მათ “ჰარმონიული ურთიერთობა” ჰქონდათ.
“ირაკლი კობახიძე იყო პარტიის თავმჯდომარე, როცა მე გავხდი პრემიერმინისტრი. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა. ვერც ერთ შემთხვევას ვერ დამისახელებს ვერავინ, რომ ჩვენ რაიმე საკითხზე გვქონდა ან შეუთავსებლობა, ან შეუთანხმებლობა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილს ასევე არ უთქვამს, თუ ვინ შეცვლის მას პარტიის თავმჯდომარის პოსტზე.
“რაც შეეხება მომავალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით, დაელოდეთ და გაიგებთ,” – თქვა მან.
______________________________
ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ საქმიანობაში პარტიის დაფუძნებიდან, 2012 წლიდან იყო ჩართული. მისი პოლიტიკური კარიერა მჭიდროდ იყო დაკავშირებული მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან. ღარიბაშვილი სხვადასხვა დროს იკავებდა მაღალ თანამდებობებს: იყო შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრი, ორჯერ პრემიერ-მინისტრი და ორჯერ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.