ღაფამა - სომხური კერძი, რომელსაც სიმღერა მიუძღვნეს
ტრადიციული სომხური ღაფამა არის გოგრა, რომელსაც გულსართად ბრინჯის, ჩირის, ფსტის, ნიგვზისა და თაფლის ნარევი აქვს. უძველესი დროიდან ეს კერძი სომხური საზეიმო სუფრების აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს. ღაფამა იმდენად უყვარდა ხალხს, რომ მას სიმღერა მიუძღვნა. ამ კერძს დღემდე ამზადებენ ახალი წლის, აღდგომის, ქორწილებისა და დაბადების დღეების სადღესასწაულო სუფრებითვის. ღაფამას საზეიმოდ დებენ მაგიდაზე და მღერიან: « ჰეი, ჯან ღაფამა, გემრიელო და არომატულო. ჰეი, ჯან ღაფამა, თაფლის გულსართის მქონე ღაფამა».
ღაფამა რთული კერძია, რომლის მომზადებაშიც ადრე მთელი ოჯახი მონაწილეობდა. ეს საჭმელი ლეგენდებითაა მოცული. რესტორან „არარატ ჰოლის“ შეფმზარეული, სედრაქ მამულიანი ხელმძღვანელობს საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელსაც „სომხეთის კულინარიული ტრადიციების განვითარება და დაცვა“ ჰქვია. მისი თქმით, გოგრა დედამიწის სიმბოლოა, ბრინჯი მთელ კაცობრიობას განასახიერებს, ჩირი, ნიგოზი და ფსტა კი სხვადასხვა რჯულისა და ეროვნების ადამიანებს გამოსახავს.
«გადმოცემის თანახმად, სხვადასხვა რჯულის მქონე ხალხებით დასახლებულ პლანეტაზე სიკეთემ უნდა დაისადგუროს. ღაფამა კი იმისთვის მზადდება, რათა დედამიწაზე მშვიდობა გამეფდეს».
• ვიდეო და ფოტო: ლემურები და ერევნის ზოოპარკის სხვა ბინადრები
• ვიდეო ჰოლანდიელი წყვილის შესახებ, რომელიც საცხოვრებლად სომხეთში გადავიდა
ღაფამა დესერტის კერძია. ადრე ამ საჭმლის მომზადების რამდენიმე ვარიანტი არსებობდა. ზოგჯერ ღაფამას გულსართი ხორბლით, ხორცითა და ცოცხალი ხილით კეთდებოდა. თუმცა, ყველაზე გავრცელებული რეცეპტის მიხედვით, ეს კერძი ბრინჯით, ჩირით, ფსტით, ნიგვზითა და თაფლით მზადდება.
ლილი სედრაქ მამულიანის თანაშემწეა. იგი სიმღერაში ნახსენები გემრიელი და არომატული ღაფამას რეცეპტს გვიზიარებს.
ამ კერძის მოსამზადებლად საჭიროა:
- გოგრა
- ბრინჯი – 0,5 კგ
- გარგრის ჩირი – 100 გ
- შავი ქლიავი – 100 გ
- ფსტა – 100 გ
- ნიგოზი – 100 გ
- შაქარი
- თაფლი
- დარიჩინი
- ცხიმი
პირველ რიგში, გოგრა ორ არათანაბარ ნაწილად უნდა გავჭრათ – ისე, რომ ზედა ნაჭერი თავსახურს ჰგავდეს. ამის შემდეგ ნაყოფი თესლებისგან უნდა გავასუფთავოთ და შიდა ზედაპირი შაქარით უნდა შევაგემოთ.
სასურველია, გოგრას თხელი კანი ჰქონდეს – ამ შემთხვევაში ნაყოფი კარგად შეიწვება და წვნიანი იქნება. მოვხარშოთ (მაგრამ არ „გადავხარშოთ“) ბრინჯი და მარილით შევაგემოთ. ღაფამას მოსამზადებლად უმჯობესია, მრგვალი ფორმის ბრინჯი გამოიყენოთ. ასეთი მარცვლები, როგორც წესი, ერთმანეთს ეკრობა და ამიტომ მომზადებული კერძის დაჭრისას გულსართის ფენები ნარჩუნდება. ამას გარდა, ხმელი ხილიც სწორად უნდა შევარჩიოთ – ტკბილი ჩირიც უნდა გვქონდეს, და მჟავეც. ჩირი, ფსტა და ნიგოზი ცხიმში უნდა შეიწვას და ამ მასას უნდა დაემატოს თაფლი – იმდენი, რომ მთელ გულსართს ეყოს. ბოლოს ამ ყველაფერს ერთი მწიკვი დარიჩინი უნდა დავაყაროთ.
ბრინჯი და ტკბილი გულსართი ბოლომდე არ უნდა იყოს მოხარშული. ღაფამას გული საბოლოოდ ღუმელში უნდა მოიხარშოს გოგრასთან ერთად. გულსართს ბრინჯი უნდა დავუმატოთ, გოგრაში მოვათავსოთ და 30-40 წუთით შევდოთ გაფიცხებულ ღუმელში. საბოლოო თერმული დამუშავების ხანგრძლივობა გოგრის ზომებზეა დამოკიდებული.
როგორც წესი, ღაფამას ცივად მიირთმევენ – დესერტის ტკბილ ღვინოსთან ერთად.