მეორე სარაკეტო თავდასხმა აზერბაიჯანის ქალაქ განჯაზე - ათობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა
ათზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ, აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქ განჯაზე განხორციელებული მეორე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაწერა აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჰიქმეთ გაჯიევმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე.
რაკეტები განჯაში, რამდენიმე ქუჩაზე, 17 ოქტომბერს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე ჩამოვარდა.
ამ ქალაქს რაკეტები ერთხელ უკვე მოხვდა – 10 ოქტომბრის ღამეს. მაშინ 10 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა და 30-ზე მეტი დაიჭრა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის, ჰიქმეთ გაჯიევის ცნობით, თავდასხმა სომხეთის ტერიტორიიდან, SCUD-ის რაკეტებით განხორციელდა.
SCUD (P-17) ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები ხასიათდება დარტყმის არასაკმარისი სიზუსტით და ფრენის მაქსიმალური მანძილი 300 კილომეტრს შეადგენს. მას რუსი სამხედროები ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, 1999-2001 წლებში იყენებდნენ.
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რაკეტები განჯაში, ორ ქუჩაზე ჩამოვარდა.
ასევე, მასობრივი სარაკეტო დაბომბვის ქვეშაა ქალაქი ტერტერი აზერბაიჯანში. ორივე ეს ქალაქი, ყარაბაღის კონფლიქტის ფარგლებს გარეთ მდებარეობს.
15 ოქტომბერს, საარტილერიო დაბომბვის შედეგად, ქალაქ ტერტერში, დაკრძალვის დროს, სასაფლაოზე, სამი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა და კიდევ ოთხი მძიმედ დაიჭრა.
აზერბაიჯანის ოფიციალური მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, 27 სექტემბრიდან მოყოლებული, სულ მცირე 60 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა და 250 – დაიჭრა. დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
სომხური მხარის ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ყარაბაღში, დასახლებულ პუნქტებს ბომბავს. ოფიციალური ინფორმაციით, ესკალაციის დაწყებიდან, 27 სექტემბრიდან, 33 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ყარაბაღში, აზერბაიჯანისა და სომხეთის არმიებს შორის ბრძოლა 27 სექტემბრიდან მიმდინარეობს. ოფიციალურად, ორივე მხრიდან, დაახლოებით 1000 სამხედრო მოსამსახურე და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ათასობით კი დაიჭრა. არაოფიციალურად – გაცილებით მეტი. ორივე მხარე მოწინააღმდეგის ტექნიკის დიდ დანაკარგებზე იუწყება და ერთმანეთს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
10 ოქტომბერს მხარეებმა ზავის დადეს, რომელიც მაშინვე დაირღვა. მხარეები ზავის პირობების დაუცველობაში, ერთმანეთს ადანაშაულებენ.