აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
მოსკოვში, 2020 წლის 9-10 ოქტომბერს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ შეხვედრაზე, მთიან ყარაბაღში, საომარი მოქმედებების ზონაში, ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო მოლაპარაკებების ძველ ფორმატში გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
ჯეიჰუნ ბაირამოვი, ზოგრაბ მნაცაკანიანი და სერგეი ლავროვი მოლაპარაკებებს დახურულ ფორმატში, თითქმის, 11 საათის განმავლობაში აწარმოებდნენ და მიღწეული შეთანხმების შესახებ, დაახლოებით, 10 ოქტომბრის, დილის 3 საათზე განაცხადეს. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ეს ყველაზე ხანგრძლივი კონსულტაციები იყო.
ყარაბაღში, სასტიკი ბრძოლები უკვე ორი კვირაა, 27 სექტემბრიდან მოყოლებული მიმდინარეობს. ორივე მხარე იყენებს არტილერიას, დრონებს, თვითმფრინავებსა და სამხედრო ტექნიკას და ერთმანეთს საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში ადანაშაულებს.
გავრცელებული დოკუმენტის თანახმად, აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლს შაბათს, 10 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე (10:00 CET) შეწყვეტენ ჰუმანიტარული მიზნებისთვის – სამხედრო ტყვეების, სხვა დაკავებული პირებისა და დაღუპულთა ცხედრების გასაცვლელად, რომელიც საერთაშორისო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის შუამავლობით განხორციელდება.
განსაკუთრებით ხაზგასმულია, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის შუამავლობით მოლაპარაკებების ფორმატი უცვლელი რჩება, ანუ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დასარეგულირებელ მოლაპარაკებების პროცესში, მხარეების სახით წარმოდგენილი იქნებიან აზერბაიჯანი და სომხეთი.
შეთანხმების სრული ტექსტი:
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვ.ვ. პუტინის მიმართვის საპასუხოდ და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვ.ვ. პუტინის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ი.ჰ. ალიევისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნ.ვ. ფაშინიანის მოლაპარაკებების შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგ ნაბიჯებზე:
- ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ცხადდება 2020 წლის 10 ოქტომბერს, 12 საათსა და 00 წუთზე, ჰუმანიტარული მიზნებისთვის – სამხედრო ტყვეების, სხვა დაკავებული პირებისა და დაღუპულთა ცხედრების გასაცვლელად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობითა და მისივე კრიტერიუმების შესაბამისად.
- ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონკრეტული პარამეტრები დამატებით შეთანხმდება.
- აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობით, კონფლიქტის დარეგულირების საბაზისო პრინციპებზე დაყრდნობით, შეუდგებიან არსებით მოლაპარაკებებს სამშვიდობო შეთანხმების, რაც შეიძლება მალე მისაღწევად.
- მხარეები ადასტურებენ მოლაპარაკებების პროცესის უცვლელობას.