მაისის თვეში ფულადი გზავნილები რუსეთიდან 50 პროცენტით შემცირდა
ფულადი გზავნილები რუსეთიდან შემცირდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 384.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 23.9 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2023 წლის მაისში შემოსული გზავნილების 40.2 პროცენტი რუსეთის ფედერაციაზე მოდის, რაც 50.71 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის მაისთან შედარებით.
აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში ფულადი გზავნილების ნახევარზე მეტი რუსეთიდან შემოდიოდა.
ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
- რუსეთის ფედერაცია – $154.72მლნ;
- იტალია – $44.17 მლნ;
- აშშ – $38.3 მლნ;
- საბერძნეთი – $21.29 მლნ;
- ყაზახეთი – $20.02 მლნ;
- გერმანია – $19.77 მლნ;
- ისრაელი – $18.1 მლნ;
- თურქეთი – $14.67 მლნ;
- ესპანეთი – $5.44 მლნ;
- საფრანგეთი – $4.62 მლნ
● ჰანკეს სიღატაკის ინდექსში საქართველო 36-ე ადგილზეა
● უკრაინის ომის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა სულ უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე. ციფრები და ანალიზი
● CNBC: რუსეთის იზოლაციით საქართველოს ეკონომიკამაც იხეირა
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აზიის განვითარების ბანკი (ADB) პროგნოზირებდა, რომ უკრაინაში ომისა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილები შემცირდებოდა, თუმცა საქართველოში რუსეთიდან მიგრანტების მზარდი ნაკადის პარალელურად, ტენდენცია საპირისპიროდ განვითარდა.
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში რუბლს გზავნის, დოლარში ახურდავებს, უცხოურ ვალუტას რუსეთში აბრუნებს და მოგების მიზნით შავ ბაზარზე ყიდის.
ორგანიზაციის განმარტებით, ეს ფაქტორი, შესაძლოა, რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების მკვეთრი მატების მიზეზი იყოს. სწორედ რუსეთიდან გაზრდილ გზავნილებს ასახელებს ეროვნული ბანკი ლარის გამყარების ერთ-ერთ მიზეზად.
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში 21-ე ადგილზეა.
ამავე რეიტინგში პირველ ადგილს ტონგა იკავებს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 37.2 პროცენტი ფულად გზავნილებზე მოდის; 35.3 პროცენტით მეორე ადგილზე სომალია, მესამე ადგილს კი ყირგიზეთი იკავებს, მისი ეკონომიკის 31.3% ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული.