ფემიციდის მორიგი შემთხვევა აფხაზეთში, მაგრამ კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ ჯერ კიდევ არ არის მიღებული
ფემიციდი აფხაზეთში
აფხაზეთში ციხიდან გამოსულმა კაცმა ცოლი მოკლა. ამის გათვალისწინებით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საჭიროდ მიიჩნევენ ოჯახში ძალადობის შესახებ კანონის სასწრაფოდ მიღებას.
მკვლელობა 16 აგვისტოს სოხუმის ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანში მოხდა. 40 წლის ედგარ ფაჩულია, რომელიც ციხიდან რამდენიმე დღით ადრე გათავისუფლდა, მანქანით მივიდა იმ კორპუსის ეზოში, სადაც მისი ყოფილი მეუღლე, ილონა ცხოვრობდა. საუბარი მალევე ჩხუბში გადაიზარდა, მამაკაცმა დასაკეცი დანა ამოიღო და არაერთი მოწმის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეს მუცელში დაარტყა.
დაჭრილი ილონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ედგარ ფაჩულია დააკავეს და ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
ედგარსა და ილონას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ, რომლებიც ახლა დედის და, ფაქტობრივად, მამის გარეშე დარჩნენ.
- ყვირილი კედლის მიღმა: ოჯახური ძალადობა აფხაზეთში ხელისუფლების მიერ იგნორირებული პრობლემაა
- ვინ როგორ არღვევს და იცავს ადამიანის უფლებებს აფხაზეთში. ომბუდსმენი ყველაზე გახმაურებულ ისტორიებს ჰყვება
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ძალიან შეშფოთებულნი არიან მომხდარით, მით უმეტეს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქალები ქმრების ხელით იღუპებიან.
„ეს მიუთითებს გადაუდებელ აუცილებლობაზე, რომ ოჯახში ძალადობის შესახებ კანონი დაუყოვნებლივ მივიღოთ, რომელიც უკვე მრავალი წელია დევს პარლამენტში“, – აცხადებენ ისინი.
სოციალური ქსელებში მოქალაქეები ედგარ ფაჩულიას ერთხმად გმობენ. თუმცა, ჟურნალისტ ელეონორა გილოიანის დაკვირვებით, კომენტატორთა დიდი უმრავლესობა ქალია.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო