ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღეს
ევროსაბჭოს კონგრესის რეზოლუცია
ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის კონგრესმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, რომელსაც მხარი 101-მა წევრმა დაუჭირა, 10 კი წინააღმდეგ წავიდა.
კონგრესის სესიაზე წევრებმა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების შესუსტების აშკარა ნიშნების გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვეს, რაც გამოიხატება საზოგადოების გაზრდილი პოლარიზაციისა და ევროპის საბჭოს სტანდარტების საწინააღმდეგო კანონმდებლობის ამოქმედებით.
“საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობა” – რეზოლუცია
- საქართველოში მზარდი პოლარიზაციის ფონზე, ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოხატულმა სწრაფმა და დრამატულმა დემოკრატიულმა უკუსვლამ გავლენა მოახდინა საქართველოში ადგილობრივ დემოკრატიაზე: ეს განსაკუთრებით გაძლიერდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც უარყო ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, ადგილობრივმა და რამდენიმე საერთაშორისო დამკვირვებლებმა; ასევე, ეს გაძლიერდა EU-ში გაწევრების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ;
- პოლიტიკური სივრციდან ოპოზიციის მზარდმა მარგინალიზაციამ და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის არარსებობამ გამოიწვია პოლიტიკური პლურალიზმის დე ფაქტო გაქრობა, მათ შორის, მუნიციპალურ საბჭოებში. ამ ვითარებამ გამოიწვია მმართველი პარტიის ხელში ძალაუფლების გადაჭარბებული კონცენტრაცია და აიძულა ოპოზიცია, ბოიკოტი გამოეცხადებინა ყველა გადაწყვეტილების მიმღები ორგანოსთვის, რამაც შეამცირა მოლაპარაკებისა და მედიაციის სივრცე;
- “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონისა” და “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის” (FARA) მიღების მეტად კონტროვერსული პროცესის შემდეგ, საგრძნობლად გაიზარდა დაშინება და სტიგმატიზაცია იმ არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისა, რომლებიც განსაკუთრებით რთულ პირობებში მუშაობენ, რაც ზღუდავს მათი გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას. დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლება დაცული, მხარდაჭერილი და ხელშეწყობილი უნდა იყოს მიუხედავად იმისა, კრიტიკულია თუ არა იგი ხელისუფლების მიმართ და მიუხედავად იმისა, ახდენს თუ არა მასზე გავლენას საერთაშორისო დისკურსი;
- სამართალდამცავი ორგანოების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპონენტების სასტიკმა რეპრესიებმა ქვეყნის მასშტაბით და განსაკუთრებით, თბილისში, დაარღვია როგორც გამოხატვის, ასევე, შეკრების თავისუფლება. ამასთან, საქართველოში შეკრების თავისუფლება ასევე შეზღუდა ბოლო დროს მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა სანქციების გაზრდასა და საჯარო დემონსტრაციებთან დაკავშირებული ჯარიმების შესახებ. ეს გადაწყვეტილება ადგილობრივ ხელისუფლებას დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამო გადაწყვეტილებების მიღებისკენ უბიძგებს;
- სახელმწიფო ინსტიტუტების ინსტრუმენტალიზაციამ, მათ შორის, ადგილობრივ დონეზე, გამოიწვია საჯარო მოხელეების მასობრივი გათავისუფლებები, დაშინება და ზეწოლა, რასაც ხელი შეუწყო საჯარო სამსახურის შესახებ კანონში განხორციელებულმა ცვლილებებმა;
- საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ ანგარიშებში გამოხატულია შეშფოთება საჯარო ადმინისტრაციის პოლიტიზებასთან, ადმინისტრაციული რესურსების მასშტაბურად ბოროტად გამოყენებასთან და საარჩევნო კამპანიების დროს ამომრჩევლებზე ზეწოლასთან დაკავშირებით, რაც არათანაბარ პირობებს ქმნის კანდიდატებს შორის და ამახინჯებს ამომრჩეველთა ნებას;
- საქართველოში ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩო ბოლო არჩევნების შემდეგ 20-ზე მეტჯერ შეიცვალა ფართომასშტაბიანი კონსულტაციებისა და კონსენსუსის გარეშე, რაც არ არის თანხვედრაში საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობის პრინციპთან. აღნიშნულმა ცვლილებებმა გააძლიერა მმართველი პარტიის გავლენა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე, რითაც საფრთხე ექმნება მის დამოუკიდებლობას;
- შედეგად, დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მრავალი პრობლემა და გამოწვევა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების დიდ ნაწილში ნდობის ჩამოშლას იწვევს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და აზიანებს ადგილობრივ დემოკრატიას, რაც 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების გასამართად ნდობაზე დაფუძნებული გარემოს არსებობის შესაძლებლობას არ ქმნის, მეტიც, უფრო ამწვავებს სიტუაციას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კონგრესი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით, განახორციელოს შემდეგი ნაბიჯები:
- დაუყოვნებლივ აღადგინოს პოლიტიკური დიალოგი მთავრობის ყველა დონეზე, ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის გზით, რომელიც მოიცავს ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, ადგილობრივ ხელისუფლებას, ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას, რათა შემცირდეს პოლარიზაცია, აღდგეს პლურალისტურ დემოკრატიაში აუცილებელი კონტროლისა და დაბალანსების მექანიზმები და დარეგულირდეს ოპოზიციის მონაწილეობის უფლებები;
- გააუქმოს საკანონმდებლო აქტები, რომლებიც არღვევს ადამიანის უფლებებს, განსაკუთრებით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი”, და თავი შეიკავოს FARA-ს ამოქმედებისგან, ამასთან, თავიდან აირიდოს ნებისმიერი ქმედებები, რაც უფრო მეტად შეუშლის ხელს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას და ექნება მსუსხავი ეფექტი მედიასაშუალებებზე ან ძირს გამოუთხრის დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს, რაც საბოლოოდ დააზიანებს ადგილობრივ თვითმმართველობას საქართველოში;
- სრულყოფილად გამოიძიოს თვითნებური დაკავებებისა და ძალადობრივი ქმედებების შემთხვევები მშვიდობიანი მომიტინგეების და ჟურნალისტების მიმართ, როგორც ეს რეკომენდებულია ადამიანის უფლებათა კომისრის მიერ; გაათავისუფლოს დაკავებულები, მათ შორის, ქალბატონი მზია ამაღლობელი; უზრუნველყოს სამართლებრივი საფუძვლიანობა, აუცილებლობა და პროპორციულობა მუნიციპალიტეტებში საჯარო დემონსტრაციებთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის დაწესებულ სანქციებში;
- გააუქმოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი საკამათო ცვლილებები და აღადგინოს ამ ცვლილებების საფუძველზე გათავისუფლებული საჯარო მოხელეები.