„ევოლუშენ ჯორჯიას“ სამმა თანამშრომელმა შიმშილობა დაიწყო
გაფიცვის 33-ე დღეს, “ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლებმა, თამარ ანსიანმა, მახარე პატაშურმა და ლუკა ნადირაძემ, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს. მათ შიმშილობა დაიწყეს.
მათი თქმით, სანამ გაფიცულთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, შიმშილობას არ შეწყვეტენ.
აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი „ლაბორი“ აცხადებს, რომ თანამშრომლების გაფიცვა და შიმშილობა უვადოა. მათ 12 აგვისტოს გაავრცელეს განცხადება და აღნიშნეს, რომ შიმშილობის დაანონსების პარალელურად, კომპანიამ არაიდენტიფიცირებადი პირების მობილიზება დაიწყო, რომლებიც გაფიცულების მიმართ აგრესიული და პროვოკაციული ქცევით გამოირჩევიან.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია კომპანიის ძალადობრივ და პროვოკაციულ ქმედებებზე და არ დაუშვან 18-25 წლის დასაქმებულების შიმშილობა.
სრულ პასუხისმგებლობას, მომავალში განვითარებულ მოვლენებზე, ვაკისრებთ „ევოლუშენ ჯორჯიას“ ადმინისტრაციას, რომელიც ცდილობს დაშინებით, მუქარით, პროვოკაციებით, ტყუილით, შანტაჟითა და დაპირისპირების მცდელობით დასაქმებულთა დაშინებას, ცემას და ასევე ხელისუფლებას, რომელიც ვალდებულია, დაიცვას ამ ქვეყნის მოქალაქეების ინტერესები კომპანიისგან, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს შეურაცხყოფს, ემუქრება და გაუსაძლის შრომის სტანდარტებს უწესებს“, — ვკითხულობთ პროფკავშირის განცხადებაში.
საქართველოში ონლაინ კაზინო „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლების ნაწილი 12 ივლისს გაიფიცა. ჯამში გაფიცულია 5 ათასამდე ადამიანი, რაც კომპანიაში დასაქმებულთა ნახევარზე მეტია. თუმცა თავად კომპანია დაახლოებით 800 გაფიცულზე საუბრობს.
გაფიცულთა მთავარი მოთხოვნა ღირსეული სამუშაო პირობებია, პირველ რიგში კი მათ ანაზღაურების ზრდა სურთ.
- ონლაინ კაზინო „ევოლუშენ ჯორჯიაში“ დასაქმებული 5 000-მდე ადამიანი გაიფიცა. მოკლედ, რა უნდა ვიცოდეთ
- ევოლუშენ ჯორჯია: თუ ვითარება არ შეიცვლება, შევწყვეტთ ხელშეკრულებებს და შევზღუდავთ წარმომადგენლობას
„ევოლუშენში“ დასაქმებულებმა კომპანიას 44 მოთხოვნა წაუყენეს. გაფიცვამდე მიმდინარეობდა მედიაციის პროცესიც, რომელიც 2024 წლის 4 ივნისს დაიწყო და 24 ივნისს შეთანხმების გარეშე დასრულდა. ამის მიზეზად პროფკავშირის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთი წევრი, ნიკოლოზ კატარაპიაშვილი, მენეჯმენტის მხრიდან მათ მიმართ არასერიოზულ დამოკიდებულებას ასახელებს.
5 აგვისტოს “ევოლუშენ ჯორჯიამ” განცხადება გაავრცელა, სადაც კომპანიამ აღნიშნა, რომ თუ მდგომარეობა არ შეიცვლება, კომპანია საქართველოში მუშაობას შეწყვეტს. “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, სათამაშო მაგიდების დიდი ნაწილი კომპანიამ სომხეთში გადაიტანა. ახლა კი “ევოლუშენის” მთავარ – A კორპუსში მხოლოდ მენეჯერები და დიასახლისები არიან. კომპანიაში აცხადებდნენ, რომ საქმიანობის შეჩერების მიზეზი გაფიცვის ორგანიზატორისა და გაფიცვის მონაწილეთა „მართლსაწინააღმდეგო ქცევები“ გახდა.
„ევოლუშენ ჯორჯია“ არის აზარტული თამაშების დისტანციური სერვისების მიმწოდებელი კომპანია, რომელიც საქართველოში 2017 წელს შემოვიდა. მხოლოდ საქართველოში კომპანიას 8000-მდე თანამშრომელი ჰყავს. თანამშრომელთა ნაწილმა დააფუძნა პროფესიული კავშირი „ევო-კავშირი“.