ევოლუშენ ჯორჯია: თუ ვითარება არ შეიცვლება, შევწყვეტთ ხელშეკრულებებს და შევზღუდავთ წარმომადგენლობას
ევოლუშენ ჯორჯია
“ევოლუშენ ჯორჯია” განცხადებას ავრცელებს, რომელშიც კომპანია აღნიშნავს, რომ თუ მდგომარეობა არ შეიცვლება, კომპანია საქართველოში მუშაობას შეწყვეტს.
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, სათამაშო მაგიდების დიდი ნაწილი სომხეთში გადაიტანეს. ახლა “ევოლუშენის” მთავარ – A კორპუსში მხოლოდ მენეჯერები და დიასახლისები არიან.
კომპანიაში ამბობენ, რომ საქმიანობის შეჩერების მიზეზი გაფიცვის ორგანიზატორისა და გაფიცვის მონაწილეთა „მართლსაწინააღმდეგო ქცევები“ გახდა.
რას წერს ევოლუშენ ჯორჯია
“ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მიმდინარე გაფიცვის პირობებში, ევოლუშენმა მოახერხა ოპერირება შეფერხების გარეშე, თუმცა, ხუთშაბათს, 1-ლი აგვისტოდან, პროფკავშირმა მოახდინა კომპანიის შენობების შესასვლელების ბლოკირება და ათასობით დასაქმებულს წაართვა სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა.
ეს მოცემულობა ცვლის ევოლუშენ საქართველოს გამართულად ოპერირების შესაძლებლობას. შესაბამისად, თუ მოცემული მდგომარეობა არ შეიცვლება, კომპანია იძულებული იქნება, განახორციელოს საოპერაციო ცვლილებები, მათ შორის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტები, რათა შევზღუდოთ ჩვენი წარმომადგენლობა საქართველოში.
ჩვენ 6 წლის განმავლობაში ვახორციელებდით ინვესტიციას საქართველოში, ვთავაზობდით პირველი სამსახურის შესაძლებლობას ახალგაზრდებს გამოცდილების გარეშე. თუმცა, ამჟამად მდგომარეობა სამწუხარო რეალობისკენ შეიცვალა, რაც გავლენას იქონიებს როგორც კომპანიაზე, ასევე, ევოლუშენის იმ ათასობით მოქმედ თანამშრომელზე, რომელსაც სურს მუშაობის გაგრძელება კომპანიაში.” – წერს კომპანია.
უკვე 24 დღეზე მეტია საქართველოში კომპანია „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლები გაიფიცნენ. კომპანიის დასაქმებულების მიერ შექმნილ პროფკავშირში ამბობენ, რომ გაფიცულია 5 ათასამდე ადამიანი. კომპანიაში ამ ინფორმაციას უარყოფენ და მხოლოდ 800 გაფიცულზე საუბრობენ. გაფიცული თანამშრომლები ხელფასის ზრდასა პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ისინი აქციებს კომპანიის შენობასთან მართავენ.
კომპანიაში უმეტესწილად სტუდენტები ან ისეთი ადამიანები არიან დასაქმებულნი, რომლებსაც ძირითადი სამსახურის გარდა, სურთ დამატებითი შემოსავალი ჰქონდეთ.
ისინი კვირაში სამი დღე მუშაობენ და თავად ირჩევენ სამუშაო გრაფიკს. კომპანია ონლაინკაზინოებს ემსახურება, რაც გულისხმობს კაზინოებისთვის ლაივთამაშების წაყვანის მომსახურებას სპეციალურად მოწყობილი სტუდიებიდან.
კომპანია ექვს შენობაშია განთავსებული, ოთხ მათგანში კი მოწყობილია ის სტუდიები, საიდანაც ონლაინკაზინოების თამაშების ტრანსლირება ხდება.
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს კერძო კომპანიის თანამშრომელთა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გაფიცვაა ქვეყანაში.