ერდოღანმა სომხეთს "ბანდიტი სახელმწიფო" უწოდა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მკაცრად გააკრიტიკა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნები და სომხეთს „ბანდიტი სახელმწიფო“ უწოდა.
თურქეთის პარლამენტის შემოდგომის სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, ერდოღანმა აღნიშნა, რომ ანკარა მხარს უჭერს აზერბაიჯანს ოკუპირებული მიწების გათავისუფლების სამართლიან ბრძოლაში.
• როგორ ეხმაურებიან საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ყარაბაღის კონფლიქტს
• როგორ აისახა ყარაბაღში ვითარების გამწვავება ჯავახეთზე, სადაც ეთნიკური სომხები ცხოვრობენ
• ალიევმა და ფაშინიანმა ინტერვიუები მისცეს „Россия-1“-ს. რაზე ისაუბრეს ქვეყნების მეთაურებმა
მისი თქმით, ბრძოლამ, რომელიც სომხეთის მიერ მშვიდობიანი აზერბაიჯანული სოფლების მიმართულებით სროლით დაიწყო, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რამდენად ფეთქებადსაშიშია კავკასიის რეგიონი.
„კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის პირობაა – ოკუპირებული აზერბაიჯანული მიწების ყველა წერტილის გათავისუფლება. თურქეთი აზერბაიჯანს „ერთი ერისა და ორი სახელმწიფოს“ პრინციპით განიხილავს. ჩვენ, გავაგრძელებთ ჩვენი აზერბაიჯანელი ძმების მხარდაჭერას შესაძლებლობების ფარგლებში“, – პირობა დადო ერდოღანმა.
მან სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდა, უარი თქვან თურქეთთან დაკავშირებით სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებაზე. „ოკუპანტებმა აზერბაიჯანის მიწები უნდა დატოვონ. დარეგულირების დრო დადგა“, – განაცხადა თურქეთის სახელმწიფოს მეთაურმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნები, რომლებიც მთიანი ყარაბაღის ოკუპაციის იგნორირებას ახდენენ, ორპირები არიან.
თურქეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნები.
„ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები უკვე 30 წელია სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის დარეგულირების იგნორირებას ახდენენ. ამის შედეგია დღევანდელი მოვლენები. მიუღებელია თანათავმჯდომარეების მუდმივი მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. პრობლემა მაშინვე გადაწყდება, როგორც კი სომხეთის შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანის ტერიტორიას დატოვებს. მილიონზე მეტი დევნილი და იძულებით გადაადგილებული აზერბაიჯანელი მშობლიურ მიწას უნდა დაუბრუნდეს. თუმცა, არავინ (შუამავლებიდან) არ უწყობს ხელს ამას. თავიდან წამოჭერით ეს საკითხი! ჩვენ ეს საკითხი განვიხილეთ ბატონ პუტინსა და ქალბატონ მერკელთან ერთად. ამის შესახებ ბევრს ლაპარაკობდნენ, მაგრამ შედეგი არ ჩანს. ჩვენი ძმები აზერბაიჯანში, დღეს იძულებულები არიან, თვითონ გადაჭრან საკუთარი პრობლემა. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს იმ ქვეყნების მოწოდებებს, რომლებიც ოკუპაციის იგნორირებას ახდენენ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
თურქეთის ლიდერმა გააფრთხილა ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ „ბანდიტ სახელმწიფოს“ სომხეთის სახით, რომ მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა კაცობრიობის საერთო სინდისის წინაშე, იტყობინება სააგენტო Anadolu.
ერდოღანმა კომენტარი გააკეთა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოწოდებაზე, რომ „არ ჩაერიოს თურქეთი მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებაში“.
„ანკარა ვალდებული არ არის ანგარიში ჩააბაროს ნიკოლ ფაშინიანს. ჩვენ თვითონ ვიღებთ საკუთარ გადაწყვეტილებებს“, – ხაზი გაუსვა მან.