ნამახვანჰესი არ აშენდება. ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს
კომპანია ENKA Renewables, რომელსაც სოფელ ნამახვანში გიგანტური ჰესი უნდა აეშენებინა და საქართველოს მთავრობასთან შესაბამისი ხელშეკრულება უკვე დადებული ჰქონდა, წყვეტს პროექტზე მუშაობას და აცხადებს, რომ არ ჰესს აღარ ააშენებს.
ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ განცხადება Enka Renewables-ის მშობელმა კომპანიამ – ENKA İNŞAAT-მა გააკეთა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორია.
განცხადებაში არ წერია, კონკრეტულად რა პირობა დაირღვა, რამაც გამოიწვია ხელშეკრულების შეწყვეტა.
“ENKA İNŞAAT აცხადებს, რომ მისმა შვილობილმა კომპანიამ, Enka Renewables-მა გადაწყვიტა, “შეწყვიტოს სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულება საქართველოს სახელმწიფოსთან, ნამახვანის კასკადის პროექტის შემუშავების, მშენებლობის, საკუთრებისა და ექსპლუატაციის შესახებ. საქართველოს 2019 წლის 25 აპრილის კონტრაქტის ხანგრძლივად დარღვევის და ფორსმაჟორული სიტუაციის გამო”, – წერია განცხადებაში.
___________________________________
“ნამახვანიჰესის” აშენების შემთხვევაში იგი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის ისტორიაში უდიდესი ენერგეტიკული პროექტი იქნებოდა. პროექტი თურქეთის უმსხვილესი სამშენებლო კომპანიას ENKA უნდა განეხორციელებინა და მისი ღირებულება 800 მილიონი აშშ დოლარი იყო.
● “არა ნამახვანჰესს!” რატომ აპროტესტებენ საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობას
● მათი ხეობა. როგორ იცავენ ადგილობრივები საკუთარ სახლებს ნამახვანჰესის დიდი პროექტისგან. VIDEO
● რა აჩვენა ნამახვანჰესის წინააღმდეგ თბილისში გამართულმა აქციებმა? ექსპერტების მოსაზრებები
თუმცა, ნამახვანში გიგანტური ჰესის მშენებლობას საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
გარემოსდამცველებს და ადგილობრივ მოსახლეობას პროექტთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჰქონდათ. ისინი შიშობენ, რომ მასშტაბური ჰესი საფრთხეს შეუქმნიდა პატარა ხეობას, ასევე შეიქმნებოდა სეისმურ საფრთხე, შეიცვლებოდა მიკროკლიმატი, რაც დააზიანებდა უნიკალურ ვაზის ჯიშებსა და ღვინის წარმოებას.
ხელისუფლება კი, რომელიც აღნიშნული პროექტის მთავარი ლობისტი იყო, ირწმუნებოდა, რომ საფრთხეები გაზვიადებული იყო და ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გარეშე საქართველოს რამდენიმე წელიწადში სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით.
ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საზოგადოებრივი ჯგუფების ფიზიკური პროტესტი და წინააღმდეგობა თითქმის ერთი წელი გაგრძელდა. თვეების განმავლობაში ნამახვანთან გაშლილი იყო კარვები და აქტივისტები იქ მძიმე ტექნიკას არ უშვებდნენ. გაზაფხულზე პროტესტმა თბილისშიც გადაინაცვლა.