ჟურნალისტურ პრემია “შუქს” პირველი გამარჯვებულები ჰყავს
ჟურნალისტური პრემია “შუქი”
ჟურნალისტური პრემია “შუქის” პირველი გამარჯვებულები, პირველი სამი ჟურნალისტი, უკვე ცნობილია. მათ ფულადი ჯილდო, 1000 ევრო გადაეცემათ.
პრემიის დაწესება შესაძლებელი გახდა რეგიონული მედია პორტალი JAMnews-ისა (ორგანიზაცია Go Group Media) და ესტონეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრის პარტნიორობით.
პრემიის პირველი რაუნდის გამარჯვებული ავტორები არიან: ნინო წვერავა, გამომძიებელი ჟურნალისტი სტუდია “მონიტორიდან”. გელა მთივლიშვილი, გამოცემა “მთის ამბების” რედაქტორი, გამომძიებელი ჟურნალისტი და ჯაბა ანანიძე, ონლაინ გამოცემა “ბათუმელების” ჟურნალისტი.
გელა მთივლიშვილმა პრემია მიიღო ჟურნალისტური გამოძიებისთვის “რაჭის ტყეების ოკუპაცია”. ეს გამოძიება დასავლეთ საქართველოში, რაჭაში, უნიკალური ტყის მასივის გასხვისებაზე მოგვითხრობს.
ერთი წლის წინ რაჭის 80-ზე მეტი სოფლის მცხოვრებმა შეიტყო, რომ რაჭის ტყის მესამედი ერთი კაცის, პუტინის გარემოცვასთან დაახლოებული ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის ხელში აღმოჩნდა.
ჟურნალისტმა გაარკვია, რომ პუტინის კარის ოლიგარქის პარტნიორს ტყეები კანონდარღვევებით გადაეცა . ეს მოხდა ამ ტყეებით მოსარგებლე ადამიანებისგან საიდუმლოდ. ასევე, გარემოსდამცველების, სათემო ორგანიზაციების, მედიისთვის ფარულად. ათობით ათასი ჰექტრის გადაცემამ საფრთხე შეუქმნა რაჭველების კერძო საკუთრებას, სარჩო-საბადებელს.
“ეს გადაწყვეტილება არღვევს როგორც ეროვნულ კანონებს, ისე ევროპულ კონვენციებს. ქმნის ეკოლოგიურ და ისტორიულ აბსურდებს – საკუთარი ნებით, საკუთარი ხელით, საკუთარი გადაწყვეტილებით გავაფორმოთ ოკუპანტის კონტროლი ქვეყანაში”, – ამბობს ავტორი მასალაში.
ნინო წვერავამ პრემია მიიღო ასევე ჟურნალისტური გამოძიებისთვის “მიტოვებული ჩემპიონები”. ეს გამოძიება დაფინანსების გარეშე დარჩენილ პარამკლავჭიდელთა ნაკრებზე ყვება.
სპორტსმენები ყვებიან, რომ სამინისტროს გულგრილობის გამო ათობით მათგანი წლების განმავლობაში საერთაშორისო შეჯიბრებებზე საკუთარი ხარჯებით დადიოდა. არასაკმარისი ფულადი სახსრების გამო მათ გამოჰქონდათ სესხები, ვერ ყიდულობდნენ თვითმფრინავის ბილეთებს და შშმ პირთათვის შეუფერებელ პირობებში მგზავრობდნენ.
გადაცემა ასევე ამხელს მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციაში არსებულ შესაძლო კორუფციულ სქემას, რომლის მიხედვითაც ფედერაციის მიერ დანიშნული მწვრთნელი სახელმწიფოსგან პრემიის სახით ასი ათასობით ლარს დაუმსახურებლად იღებდა.
სპორტსმენები ამბობენ, რომ ნაკრების მწვრთნელი მათ მომზადების პროცესში ჩართული არ ყოფილა. მათ აქვთ ეჭვი, სახელმწიფოსგან პრემიის სახით მიღებული თანხები ფედერაციის შიგნით ნაწილდებოდა, მაშინ, როდესაც რეალური მწვრთნელები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მუშაობენ.
ამ ჟურნალისტურ გამოძიებაზე ჟურნალისტი დაახლოებით ექვსი თვე მუშაობდა.
ჯაბა ანანიძემ ჟურნალისტური პრემია “შუქი” მიიღო მასალისთვის “ოცნების კოორდინატორი ვარ”. ეს სტატია ამხელს მმართველი პოლიტიკური პარტიის „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო სქემას: თითოეულ სოფელში ხელისუფლება ასაქმებს ათობით სოციალურად დაუცველ ადამიანს, მაგალითად, გზის დამლაგებლად, ტანკის მცველად, ჯამის ან ეკლესიის დამლაგებლად.
ჟურნალისტი აჭარის რამდენიმე სოფლის მაგალითზე იკვლევს რა ევალებათ რეალურად დასაქმებულებს. ირკვევა, რომმაგალითად, ქედაში, სოფელ კოკოტაურში 23 კაცი სოფლის გზას ასუფთავებს. ხულოს სოფელ დიდაჭარაში, საბავშვო ბაღში, სადაც 33 ბავშვია, 20 თანამშრომელია, მათ შორის, 5 სოციალურად დაუცველი.
დასაქმებულები სხვადასხვა სოფლიდან „ბათუმელებთან“ ადასტურებენ, რომ „ოცნების“ კოორდინატორები იყვნენ, ან „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოვებული პირები არიან.
სოცდაუცველების დასაქმების პროგრამა 2025 წლის გაზაფხულზე დასრულდება – საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ.
კონკურსის პირველ რაუნდში პრემიის მოსაპოვებლად 50-ზე მეტი ჟურნალისტის განაცხადი შევიდა. მათგან ჟიურიმ ჯერ პრემიის ნომინანტების ათეული გამოაქვეყნა. შემდეგ კი სამი გამარჯვებული დასახელდა.
“ჟიური რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდა. ძალიან ბევრი საინტერესო თემაზე და მაღალი სტანდარტების შესაბამისად მომზადებული ჟურნალისტური ნაშრომი შემოვიდა ჩვენი პრიზის მოსაპოვებლად“, – ამბობს პროექტის კოორდინატორი საქართველოში, თიკო ბაშარული.
რა არის ჟურნალისტური პრემია “შუქი”
ჟურნალისტური პრემია “შუქი” 2023 წლიდან გაიცემა. პროექტს ახორციელებს რეგიონული მედია პორტალი JAMnews-ი და ესტონეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრი.
ესტონეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრი (ESTDEV) არის მთავრობის მიერ დაფინანსებული ფონდი, რომელიც პასუხისმგებელია ესტონეთის საერთაშორისო და ჰუმანიტარული დახმარების პროექტების მართვასა და განხორციელებაზე.
“ჩვენი მიზანია ამგვარი სახის თანამშრომლობით და ინვესტირებით, ხელი შევუწყოთ სიღარიბის შემცირებას, გავაძლიეროთ დემოკრატიული ინსტიტუციები, შევიტანოთ წვლილი მდგრადი ეკონომიკის განვითარებაში, დავეხმაროთ მოქალაქეებს ჰუმანიტარული კრიზისების დაძლევასა და პროგრესის მიღწევაში”, – ნათქვამია ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციაში.
ESTDEV-ის მიზანია ესტონეთის პარტნიორი ქვეყნების გაძლიერება და შთაგონება. ორგანიზაცია ეხმარება პარტნიორ ქვეყნებს დასახული მიზნების განხორციელებასა და განვითარებისათვის საჭირო კრეატიული გადაწყვეტილებების მიღებაში.
პროექტი ერთწლიანია. გამარჯვებულები ყოველ სამ თვეში ერთხელ გამოვლინდებიან. პრემიას ჰყავს მუდმივი ჟიური, რომელიც ქართველი და უცხოლი ჟურნალისტებისა და მედია ექსპერტებისგან შედგება.
JAMnews-ს, როგორც პრემიის იდეის ავტორი, მასალების შერჩევის პროცესში არ მონაწილეობს. პროექტი გამოცემისგან ცალკე ხორციელდება და მას თავისი ადმინისტრაცია ჰყავს.
“ამ პრემიის მთავარი მიზანია ჟურნალისტების მხარდაჭერა. გვინდა წავახალისოთ ავტორები, რომლებიც ქმნიან მაღალი პროფესიული სტანდარტებს შესაბამის ჟურნალისტურ პროდუქტებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს პრემია დაეხმარება და დამატებითი სტიმული იქნება ჩვენი კოლეგებისთვის, გააგრძელონ თავიანთი საქმის შესრულება მაღალი სტანდარტებით“, -ამბობს სოფო ბუკია, JAMnews-ის ქართული რედაქციის რედაქტორი.
პრემიის მეორე რაუნდში განაცხადების მიღება 10 იანვარს დაიწყება. მეორე სამეულის ვინაობა მარტში გახდება ცნობილი.
პრემიის გარდა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სასწავლო ტური ჟურნალისტებისთვის. სასწავლო ტურის ფარგლებში ქართველი ჟურნალისტები ესტონეთში გაემგზავრებიან. ისინი გაეცნობიან ადგილობრივი მედიის მუშაობის სპეციფიკას. ასევე, მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში.
ჟურნალისტური პრემია “შუქი