"სირცხვილი საქართველოს" - დევნილები ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
დევნილების პროტესტი
სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილები ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან შეიკრიბნენ და მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა უწყების თანამშრომლები მათ არ ეხმაურებიან.
გუშინ დევნილები სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მოქალაქეები შეხვედრაზე მისვლას იურისტთან ერთად აპირებდნენ, ჯანდაცვის სამინისტრომ შეხვედრა ჩაშალა.
როგორც დევნილები ამბობენ, უწყებიდან სასტიკი უარი მიიღეს სახალხო დამცველის წარმომადგენელთან ერთად შეხვედრაზეც.
“პირველ რიგში, სირცხვილი საქართველოს. ამ ხმების ფონზე ჩვენ სოხუმი დავტოვეთ. იმ დროს გვახსენებენ, როცა ტყვიას გავურბოდით და აქ თავშესაფარს ვეძებდით. 29 წლის მერე ისევ აქ ვდგავარ და ისევ მოტყუებული.
გვიან დაგვირეკეს მოლაპარაკებებზე. ვუთხარით, რომ ჩვენგან იქნებოდა 3 წარმომადგენელი და იურისტი ან სახალხო დამცველის წარმომადგენელი. ამაზე საშინელი რეაქცია ჰქონდათ. ვერანაირი შეთანხმება ვერ შედგა. ჩვენ უკვე 30 წელია, მოტყუებულები ვართ სიტყვით და გვინდოდა, სამართლებრივ ჭრილში გვემსჯელა. ამაზე არ წამოვიდნენ და დღეს ისევ მოტყუებულები ვდგავართ.” – განაცხადა ერთ-ერთმა დევნილმა ტელეკომპანია “ფორმულასთან”.
● ფოტოარქივი. სოხუმის დაცემის დღე, ქართველები ტოვებენ აფხაზეთს
● “ავდექი და გვარი გადავიკეთე, მაშინ ყველა ასე შვრებოდა”. როგორ ცხოვრობს დაცლილი ქართულ-ოსური სოფელი
● როგორ ცხოვრობენ დევნილები ხურვალეთში
16 იანვარს თბილისის ზღვასთან, თემქაზე, ყოფილი სანატორიუმის, „ქართლის” შვიდსართულიანი შენობის სახურავიდან 52 წლის კაცი გადმოხტა. ზურაბ ჭიჭოშვილი ადგილზე დაიღუპა. იგი აფხაზეთიდან დევნილი იყო.
ამ ტრაგიკულ შემთხვევას წინ უძღოდა სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრებ დევნილთა რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციები. დევნილები საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ, რადგან ყოფილი სანატორიუმის შენობა ავარიულია და საცხოვრებლად უვარგისი, რასაც, მათი თქმით, ექსპერტიზის დასკვნებიც ადასტურებს.
დევნილები და გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მამაკაცმა თავი იმისთვის მოიკლა, რათა დევნილთა პრობლემის მიმართ ხელისუფლების ყურადღება მიექცია.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ ზურაბ ჭიჭოშვილის გარდაცვალება დევნილების პრობლემას არ უკავშირდება. მისი თქმით, ეს უბედური შემთხვევა იყო.
სანატორიუმში მცხოვრები დევნილები უკვე წლებია აპროტესტებენ გაუსაძლის პირობებში ცხოვრებას, თუმცა ბოლო ერთი თვეა, რაც პროტესტმა უფრო მძაფრი ხასიათი მიიღო.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
საბჭოთა სანატორიუმი „ქართლი“ უკვე თითქმის 30 წელია აფხაზეთიდან დევნილებით არის დასახლებული. აქ დაახლოებით 120 ოჯახი ცხოვრობს.