ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის პოსტზე შვიდი კანდიდატი გამოვლინდა. პორტრეტები და სპოილერები
სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატები
ე.წ. სამხრეთ ოსეთში 18 სექტემბერს დაგეგმილი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დოკუმენტები შვიდმა პრეტენდენტმა წარადგინა, თუმცა ადგილობრივი პოლიტიკური წრეების შეფასებით, გამარჯვების მთავარი ფავორიტი უკვე გამოკვეთილია.

არჩევნებში მონაწილეობის სურვილი საინიციატივო ჯგუფების მეშვეობით მოქმედმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა და პრემიერ-მინისტრმა მარატ კამბოლოვმა, ყოფილი კგბ-ს თანამშრომელმა ყაზბეკ კოდოევმა და თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, არასაპარლამენტო პარტია „რკინის“ წარმომადგენელმა ედუარდ გაბარაევმა განაცხადეს.

პოლიტიკურმა პარტიებმაც საკუთარი კანდიდატები წარადგინეს. პარტია „ირი ფარნის“ სახელით კენჭს იყრის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ხოხ ჩოჩიევი, ხოლო „ალანიას პატრიოტების“ კანდიდატი პრეზიდენტის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომელი და ყოფილი კგბ-ს ოფიცერი მურატ ვალიევია.
არჩევნებში მონაწილეობას ასევე გეგმავს „ერთიანობის პარტიის“ ლიდერი ზურაბ კოკოევი, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე მარატ კამბოლოვის კანდიდატურას უჭერდა მხარს.

ერთადერთი ქალი კანდიდატი ფატიმა ხუგაევაა, რომელსაც „განვითარების პარტია“ წარმოადგენს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადამდგარი პოლკოვნიკი მოსკოვში დაიბადა, თუმცა სამხრეთ ოსური წარმოშობისაა. პენსიაზე გასვლის შემდეგ ის რეგიონში გადავიდა საცხოვრებლად, ამჟამად სკოლაში დირექტორის მოადგილედ მუშაობს და ისტორიას ასწავლის.
კანდიდატურებზე უარი
რეგისტრაციის დასრულებამდე საკუთარი გეგმები შეცვალა რამდენიმე ცნობილმა პოლიტიკოსმა.

პარტია „რკინის“ ლიდერმა და ინფორმაციისა და პრესის კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა გეორგი კაბისოვმა, რომელიც თაღლითობის საქმეზე სასჯელს იხდიდა და მანამდე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას განიხილავდა, კანდიდატურის წარდგენაზე უარი განაცხადა. მისი პარტია, სავარაუდოდ, ძალისხმევას ედუარდ გაბარაევის მხარდაჭერაზე გადაიტანს.
არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა ასევე „ხალხის ერთიანობის“ ლიდერმა და პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ვლადიმერ ქელეხსაევმა. ადგილობრივი შეფასებებით, მისი პარტია ერთ-ერთ სხვა კანდიდატს დაუჭერს მხარს.
რეგისტრაციის შემდეგი ეტაპი
კანდიდატების რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისია წარდგენილ დოკუმენტაციას შეამოწმებს, რათა დაადგინოს, აკმაყოფილებენ თუ არა პრეტენდენტები კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მხოლოდ ამის შემდეგ მიენიჭებათ მათ ოფიციალური კანდიდატის სტატუსი, რაც საარჩევნო ფონდის გახსნისა და მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების დაწყების უფლებასაც გულისხმობს.
თუ დოკუმენტაციაში დარღვევები ან ხარვეზები გამოვლინდება, ცალკეული კანდიდატები შესაძლოა რეგისტრაციიდან მოიხსნან.
ფავორიტი და დანარჩენი კანდიდატები
ადგილობრივი პოლიტიკური წრეების შეფასებით, გამარჯვების ყველაზე რეალური შანსი მარატ კამბოლოვს აქვს, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოსკოვიდან იქნა მივლინებული და ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს იკავებს.
მიუხედავად იმისა, რომ მას სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი პოლიტიკური წარსული არ აკავშირებს, მისი კანდიდატურა ფართო მხარდაჭერით სარგებლობს. ადგილობრივი ოპოზიციის რამდენიმე წამყვანმა ძალამაც კი არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა, რათა მისთვის კონკურენცია არ შეექმნა.
ანალიტიკოსების შეფასებით, დანარჩენი კანდიდატების ნაწილი, მათ შორის ყაზბეკ კოდოევი და ზურაბ კოკოევი, უფრო ტექნიკურ კანდიდატებად განიხილებიან.
მურატ ვალიევი პოლიტიკაში ახალბედად მიიჩნევა. შეფასებების მიხედვით, მისი მონაწილეობა „ალანიას პატრიოტებისთვის“ უფრო პოლიტიკური გამოცდილების დაგროვებისა და პარტიის ცნობადობის გაზრდას ემსახურება. პარტიის ლიდერი ძამბოლატ თედეევი ამავდროულად საჯაროდ მარატ კამბოლოვის მხარდაჭერისკენაც მოუწოდებს ამომრჩევლებს.
უფრო დამოუკიდებელ მოთამაშეებად ხოხ ჩოჩიევი და ედუარდ გაბარაევი განიხილებიან. ადგილობრივი შეფასებით, ისინი ტექნიკურ კანდიდატებად არ მიიჩნევიან და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ, თუმცა სხვადასხვა გავლენიანი ჯგუფისა და მოქმედი თუ ყოფილი მაღალჩინოსნების მხარდაჭერითაც სარგებლობენ.
რაც შეეხება ფატიმა ხუგაევას, მისი კანდიდატურა ადგილობრივ ბიზნესწრეებთან დაკავშირებულ პროექტად ფასდება. „განვითარების პარტიას“ მეწარმე და რესტორატორი ალბერტ ვალიევი ხელმძღვანელობს, რომელიც ხუგაევას მეუღლის ბიზნესპარტნიორად მიიჩნევა.
ამასთან, ადგილობრივი წყაროების შეფასებით, ხუგაევას საკუთარი პოლიტიკური გამოცდილებაც აქვს. ის რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრია და წარსულში საპროტესტო აქციებშიც მონაწილეობდა.
პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას