ბიძინა ივანიშვილი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შემდეგ TikTok-ზე გამოჩნდა
კორონავირუსის პანდემიის გავრცელების და საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 21 აპრილს პირველად გამოჩნდა საჯარო სივრცეში – სოციალურ ქსელ ტიკტოკზე.
ტიკ-ტოკის საკუთარ გვერდზე მამასთან ერთად გადაღებული ვიდეო ბერა ივანიშვილმა ატვირთა.
„Secret handshake with my father“ – ასე ჰქვია ბერას ვიდეოს, რომელიც მათი სახლის ეზოშია გადაღებული.
ვიდეოში მამა-შვილი ერთმანეთს სხვადასხვა ჟესტით ესალმებიან.
ვიდეოს გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი ჩატარდა, ბრიფინგზე ითქვა, რომ საქართველოში ერთი თვის წინ შემოღებული საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით, 23 მაისამდე გახანგრძლივდა – რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთი თვის განმავლობაში ადამიანები მკაცრ იზოლაციაში უნდა დარჩნენ, ისევ დაკეტილი იქნება ბიზნესი, რაც ათასობით ადამიანს ყოველდღიური საარსებო შემოსავლის გარეშე დატოვებს.
- საქართველო პიკს უახლოვდება. მზად არის თუ არა ქვეყანა
- კორონავირუსი და ბოლო ჟამის ეკლესია. საუბარი გია ნოდიასთან და ბექა მინდიაშვილთან
- “ვართ მე და ჩემი ბერიკაცი, ხან ნარდს ვთამაშობთ, ხან კარტს,” – როგორ ცხოვრობენ ხანდაზმულები იზოლაციაში
ვიდეომ, რომელიც სავარაუდოდ ივანიშვილის შეკვეთილის რეზიდენციაში, სიმწვანის ფონზეა გადაღებული, ფეისბუკზე დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
“ჩვენ გამოგვკეტა და ახლა კუნტრუშებს”
“უარესის ღირსები ვართ”
“რაც კორონავირუსია, ერთხელ არ მიუმართავს და არ გაუმხნევებია ხალხი, არადა 2012 წელს კოშკებს გვპირდებოდა,” – წერენ ფეისბუკმომხმარებლები.
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა.