ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა პრეზიდენტ ლუკაშენკოს ულტიმატუმი წაუყენა
სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, რომელიც ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა, პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ულტიმატუმი წაუყენა და თანამდებობის დასატოვებლად ვადა 25 ოქტომბრამდე მისცა.
ტიხანოვსკაიამ ქვეყნის მოქალაქეებსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს მიმართა, რომელსაც დამარცხების აღიარება არ სურს.
საკუთარ მიმართვას მან ულტიმატუმი უწოდა. ის სამი მოთხოვნისგან შედგება:
— ალექსანდრ ლუკაშენკოს ხელისუფლებიდან წასვლა;
— ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება;
— პოლიციის მხრიდან ძალადობის სრული შეწყვეტა.
•რუსეთი ბელარუსს იყიდის? ექსპერტთა მოსაზრებები
•რუსულმა პროპაგანდისტულმა დესანტმა ბელარუსი დაიპყრო
ამ მოთხოვნების 25 ოქტომბრამდე შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს:
— გამოცხადდეს საყოველთაო გაფიცვა;
— არ ისარგებლონ სახელმწიფო ბანკების მომსახურებით;
— შეწყვიტონ საქონლის შეძენა სახელმწიფო მაღაზიებში;
— დაიწყონ გზების ბლოკირება.
ტიხანოვსკაიამ ხაზი გაუსვა, რომ ბელარუსში პროტესტი რჩება „მშვიდობიანი და არაძალადობრივი“, მაგრამ მოთმინება დასასრულს უახლოვდება.
ბელარუსში, საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართა, მისი შედეგების თანახმად, გამარჯვებულად ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა, რომელმაც, ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით, ხმათა 80% მიიღო. თუმცა, ბელარუსის ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. ბელარუსში, არჩევნების შემდეგ, პერმანენტული მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება, რომლის წინააღმდეგაც ლუკაშენკოს რეჟიმი ძალას იყენებს. ამის შედეგად, რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, ასობით მოქალაქე დააპატიმრეს.