ასლან ბჟანია ვლადიმერ პუტინს შეხვდა
ბჟანიას შეხვედრა პუტინთან
აფხაზეთის ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას გამოხატა მზადყოფნა, რესპუბლიკამ მონაწილეობა მიიღოს რუსეთის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში.
თუმცა, კრემლის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში არ ჩანს, კონკრეტულად რა „ინტეგრაციულ“ პროცესებზეა საუბარი. ასევე ვიდეოში არ ჩანს არც პუტინის რეაქცია ბჟანიას სიტყვებზე.
პუტინისა და ბჟანიას შეხვედრა სოჭში 4 ოქტომბერს გვიან საღამოს შედგა. წინა დღეს, აფხაზეთის ლიდერმა მოლაპარაკება გამართა საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან.
- ასლან ბჟანია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა
- რატომ არ ემუქრება აფხაზეთს მთიანი ყარაბაღის ბედი? მოსაზრება სოხუმიდან
- აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთთან დაახლოების კამპანიას ეწევა
მოლაპარაკებების დაწყებამდე რუსული მედია პროგნოზირებდა, რომ შეხვედრის შემდეგ, შესაძლოა, გამოცხადდეს აფხაზეთის, რუსეთისა და ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანების პროცედურის დაწყება.
თუმცა, შეხვედრის ორმხრივმა ფორმატმა ასეთი პროგნოზები იმთავითვე უსაფუძვლო გახადა. აფხაზეთის საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანების პროცედურის დასაწყებად მხოლოდ კრემლის ვიზა საკმარისი არ არის. ალექსანდრე ლუკაშენკოს თანხმობაცაა საჭირო. ამისთვის ბელორუსმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს, ის კი ამის გაკეთებას არ ჩქარობს.
შეხვედრაზე პუტინს არაფერი უთქვამს საკავშირო სახელმწიფოზე. მან ყურადღება გაამახვილა აფხაზეთთან მზარდ სავაჭრო ბრუნვაზე (73 პროცენტით) და ასევე რუსეთის ფედერაციის 64 რეგიონის ურთიერთობაზე აფხაზეთთან სხვადასხვა სფეროში.
ასლან ბჟანიამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ბოლო დროს დამატებითი ბიძგი მიეცა აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებს, მიმდინარეობს ჰარმონიზაციის პროცესი, რომელიც აერთიანებს სახელმწიფოთა პოზიციებს ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური და თავდაცვითი სივრცის შექმნის ფარგლებში.
„ჩვენ გვინდა და მივყვებით იმ შეთანხმებებს, რომლებიც ჩვენს ფუნდამენტურ დოკუმენტებშია მითითებული. ჩვენ გვინდა მონაწილეობა მივიღოთ იმ ინტეგრაციულ პროცესებში, რომლებიც რუსული მხარის მიერაა ინიცირებული, რადგან ეს შეესაბამება აფხაზეთის ფუნდამენტურ ინტერესებს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.
სოციალურ ქსელებში რუსეთის პრეზიდენტისა და აფხაზეთის ლიდერის შეხვედრას განსაკუთრებული ქვეტექსტების კონტექსტში განიხილავენ. მთიანი ყარაბაღის ტრაგიკული ბედის ფონზე მოსკოვისა და სოხუმისთვის მნიშვნელოვანი იყო იმის დემონსტრირება, რომ რუსეთ-აფხაზურ ურთიერთობებში ყველაფერი ნორმაშია.