სოჭი-თბილისი, მოსკოვი-ბათუმი. რუსული ავიაკომპანია "აზიმუტი" ახალ მიმართულებებს ამატებს
გაზიარება
გაზიარება
აზიმუტი სოჭი-თბილისი
რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ თავის ვებ-გვერდზე იტყობინება, რომ ოქტომბრიდან ახალ რეისებს ამატებს საქართველოს მიმართულებით – 9 ოქტომბერს პირველი რეისი შესრულდება მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან ბათუმში, ხოლო 11 ოქტომბრიდან სოჭი-თბილისის მიმართულება ამუშავდება.
უკვე გამოქვეყნებულია ფრენების კონკრეტული გრაფიკი: სოჭი-თბილისი-სოჭის რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება, ვნუკოვოდან ბათუმშიც რეისი კვირაში ორჯერ იფრენს.
“აზიმუტი” პირველი ავიაკომპანიაა, რომელმაც რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით 2019 წელს შეწყვეტილი ფრენები დაიწყო. ფრენების აღდდგენის გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 ივნისს მიიღო.
აქამდე „აზიმუტი“ მხოლოდ მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ახორციელებდა ფრენებს.
პუტინის განცხადების შემდეგ, რუსეთსა და საქართველოს ქალაქებს შორის ფრენებს „აზიმუტის“ გარდა, ახორციელებს რუსული კომპანია Red Wings-ი (მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვი, სოჭი-თბილისი-სოჭი) და ასევე ეროვნული გადამზიდავი Georgian Airways-ი (თბილისი-მოსკოვი-თბილისი).
რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას დადებითად შეხვდნენ საქართველოს ხელისუფლებაში. თუმცა, ვაშინგტონი, ევროკავშირის ქვეყნები და კიევი საქართველოს აკრიტიკებენ რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, სანქციები დააწესოს იმ ქართული კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც აეროპორტებში მუშაობენ და ემსახურებიან რუსულ კომპანიებს.
რუსეთთან ფრენების აღდგენის წინააღმდეგ გამოდის ქართული ოპოზიცია და ასევე მოქალაქეების ნაწილიც.