აშშ-ში მყოფ 79 ქართველ და 35 სომეხ ბავშვს საქართველოში სპეცრეისით ჩამოიყვანენ
ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში სპეცრეისით 79 ბავშვს ჩამოიყვანენ. ისინი სკოლის მოსწავლეები არიან. ამავე რეისით ჩამოიყვანენ სომხეთის მოქალაქე 35 ბავშვსაც. ბავშვები სამშობლოში მშობლების თხოვნით და ნებართვით ბრუნდებიან. აშშ-ში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო, სკოლები დროებით დაიკეტა.
9 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 214 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4559 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 353 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 50 გამოჯანმრთელდა და 3 გარდაიცვალა.
რეისი ხვალ, 10 აპრილს შედგება.
ბავშვებს ჯერ აშშ-დან დოჰაში ჩაიყვანენ, შემდეგ კი დოჰადან საქართველოში ჩამოიყვანენ.
ქართველი და სომეხი ბავშვების აშშ-დან დოჰაში ჩაყვანა საკუთარ თავზე აშშ-ს მთავრობამ აიღო, დოჰადან ბავშვების თბილისში ჩამოყვანას კი საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.
“ჩვენ ვითანამშრომლეთ ჩვენს სომეხ კოლეგებთან, მათი მხრიდან იყო თხოვნა და ამ რეისით ჩვენ ამერიკიდან გამოვიყვანთ ასევე სომხეთის მოქალაქე 35 ბავშვს, სკოლის მოსწავლეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- საქართველოში საყოველთაო კარანტინი ცხადდება
- საქართველოში კორონავირუსზე პაციენტის შემოწმების წესი შეიცვალა: ვის გაუკეთებენ ტესტს?
- “რომ გამოვალ, ჩემს ცოლს ვაკოცებ”. შვიდი ამბავი კარანტინიდან
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.