აშშ-მა საქართველოს შესაძლოა დახმარების 15% შეუჩეროს
აშშ-ის კონგრესის მიერ გამოქვეყნებული კანონპროექტის მიხედვით, რომლის თანახმადაც საქართველო 2021 წელს დახმარების სახით 132 მლნ აშშ დოლარს მიიღებს, შესაძლოა, საქართველოსთვის ამ თანხის 15%-ის (20 მლნ) გადაცემა შეჩერდეს მანამდე, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასიგნებების კომიტეტს არ დაუდასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა დგამს ეფექტურ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლისა და კერძო სექტორისთვის კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, უცხოელი ბიზნესმენების უფლებების, მათი ფინანსური ინტერესებისა და ინვესტიციების დაცვის ჩათვლით.
კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ დახმარების შეჩერება არ შეეხება იმ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის განვითარებას ან მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებაზე.
- ივანიშვილის კავშირი რუსეთის მთავრობასთან, დასავლური ბიზნესის შევიწროება – რას წერენ სენატორები აშშ-ს სახელმწიფო მდივანს
- 2013 წლიდან ჩვენ ვხედავთ მზარდ ანტიამერიკულ განწყობას – “ფრონტერა”
სახელმწიფო მდივანს უფლება აქვს, უარი თქვას შეზღუდვაზე, თუ დაადასტურებს, რომ ეს აუცილებელია აშშ-ის ეროვნული ინტერესებისთვის.
კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ აქტით გათვალისწინებული არანაირი დახმარება არ იქნება გამოყოფილი იმ ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლებისთვის, რომელიც სახელმწიფო მდივნის მიერ განისაზღვრება როგორც ქვეყანა, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებს აღიარებს ან მათთან დიპლომატიურ კავშირებს ამყარებს.