აშშ-მ უკრაინელ ოლიგარქს იგორ კოლომოისკის სანქციები დაუწესა
აშშ-მ უკრაინელ ოლიგარქს იგორ კოლომოისკის სანქციები დაუწესა, კორუფციაში მონაწილეობისა და უკრაინაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელყოფის გამო. სანქციები მისი ოჯახის წევრებსაც შეეხოთ.
უკრაინული ტელეკომპანია ჰრომადსკეს ცნობით, განცხადება უკრაინელი ოლიგარქის წინააღმდეგ სანქციების შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა. კოლომოისკის და მის უახლოეს ნათესავებს – მის მეუღლეს, ქალიშვილსა და ვაჟს, შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალათ.
სახელმწიფო მდივანმა განმარტა, რომ სანქციები კოლომოისკის დაეკისრა 2014-2015 წლებში დნეპროპეტროვსკის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ყოფნისას ჩადენილი ქმედებების გამო.
”კოლომოისკი მონაწილეობდა კორუფციულ ქმედებებში, რომლებიც ძირს უთხრის კანონის უზენაესობას და უკრაინის საზოგადოების რწმენას დემოკრატიული ინსტიტუტებისა და მისი მთავრობის სოციალური პროცესების მიმართ, მათ შორის მისი პოლიტიკური გავლენისა და ოფიციალური ძალაუფლების პირადი ინტერესებისთვის გამოყენებით”, – განაცხადა ბლინკენმა.
ამავე დროს, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გამოხატა შეშფოთება “კოლომოისკის ამჟამინდელი და მიმდინარე მცდელობებით, შეარყიოს უკრაინის დემოკრატიული პროცესები და ინსტიტუტები, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს“.
ბლინკენის აზრით, ეს გადაწყვეტილება ადასტურებს აშშ-ს მისწრაფებას მხარი დაუჭიროს რეფორმებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სასამართლო სექტორებში, რომლებიც საკვანძოა უკრაინის ევროატლანტიკური გზისთვის.
ბლინკენმა დასძინა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი გააგრძელებს მსგავსი უფლებამოსილებებისა და ინსტრუმენტების გამოყენებას, რათა ხელი შეუწყოს “ამ რეგიონში და მთელ მსოფლიოში კორუმპირებული სუბიექტების პასუხისმგებლობას”.
იგორ კოლომოისკი უკრაინის ამჟამინდელ პრეზიდენტთან ვლადიმირ ზელენსკისთან დაახლოებულ პიროვნებად მიიჩნეოდა. თავად ზელენსკი მას ბიზნესპარტნიორს უწოდებდა, მისი კრიტიკოსები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი პოროშენკო, ზელენსკის ოლიგარქზე დამოკიდებულებაში ადანაშაულებდნენ.